ორსართულიან სასწავლო დაწესებულებაში პირველ სართულზე საკლასო ოთახები, ხოლო მეორეზე სარეაბილიტაციო ცენტრია განთავსებული. მოქმედებს რამდენიმე მრავალფუნქციური ოთახი, ჯგუფური თერაპიისა და სოციალურ მუშაკთან ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილი კაბინეტები. შენობაშია განახლებული ბიბლიოთეკაც, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ, დამატებით საკითხავი, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა მოიძიონ. სასწავლო დაწესებულებაში განახლებულია აღჭურვილობა. ახალი სკოლა 100-მდე მოსწავლის საჭიროებაზეა გათვლილი.
სასწავლო პროცესს “სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, თბილისის N123 საჯარო სკოლა ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, 22 პედაგოგია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა სერტიფიცირებულია.
ყველა მსჯავრდებული არასრულწლოვანი, რომელსაც გააჩნია საგანმანათლებლო საჭიროება ესწრება საგაკვეთილო პროცესს. დაწესებულებაში იწარმოება სტანდარტული საკლასო ჟურნალი. ცხრილი და გაკვეთილების ხანგრძლივობა, მიუხედავად იმისა, რომ ის პასუხობს დაწესებულების სპეციფიკასა და დღის რეჟიმს, სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სასწავლო პროცესის ყველა დეტალი 123-ე საჯარო სკოლის სასწავლო გეგმაშია გაწერილი.
მსჯავრდებულ მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოებით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელმაც მიმდინარე წელს დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად (გიორგი მარგველაშვილის სტუმრობისას) სხვადასხვა დასახელების მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა გადასცა.
ყველა მოსწავლე იღებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის განათლებას (საჭიროების შემთხვევაში ექსტერნატის ფორმითაც), მონაწილეობს სკოლის გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებში. იღებს საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ყველა გათავისუფლებული მსჯავრდებული არასრულწლოვანი უფლებამოსილია სწავლა განაგრძოს, როგორც კვლავ 123-ე, ისე ნებისმიერ სხვა სკოლაში, პროფესიულ, თუ უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად, არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში 43 მსჯავრდებული იმყოფება. მათი 90% სასკოლო ასაკისაა და სწავლას განაგრძობს.