„13 წელიწადი კოლხურ კოშკში“_ასე ეწოდება ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლის, დალი ლოლუას მემუარულ წიგნს, რომლის წარდგენაც, წიგნების მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ შედგა.
დალი ლოლუა, ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლე 1960-1973 წლებში, ცოცხლად და უშუალოდ მოგვითხრობს იმ პერიოდზე, რის შესახებაც დღესდღეობით ან არაფერია ცნობილი, ანდა მხოლოდ მითოლოგიზებული, სქემატური ლეგენდები ვრცელდება.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში, „გამომცემლობა არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ამბობს, წიგნი კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ბოლო პერიოდს და ზვიად გამსახურდიას, როგორც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ და ქართული ლიტერატურის გამორჩეული მოღვაწის ჩამოყალიბების პერიოდს ეხება.
„დალი ლოლუას ბიოგრაფიული წიგნი ასახავს იმ 13 წელს, რაც მან გაატარა კოლხურ კოშკში. ძალიან საინტერესო ფაქტებია, რაც საზოგადოებას არ ეცოდინებოდა, რომ არ ყოფილიყო დალი ლოლუა, მას რომ არ დაეწერა, არ შემოენახა. ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ბოლო პერიოდი და ზვიად გამსახურდიას, როგორც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ და ქართული ლიტერატურის გამორჩეული მოღვაწის ჩამოყალიბების პერიოდი. ვფიქრობ, დააინტერესებს იმათ, ვისაც აინტერესებს ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია, კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ბოლო პერიოდი და ამ მხრივ, მემუარული ლიტერატურა არის ძალიან საინტერესო“,_ამბობს კვარაცხელია.
„გამომცემლობა არტანუჯის“ მთავარი რედაქტორის თქმით, დალი ლოლუას მემუარული ჩანაწერები კონსტანტინე გამსახურდია უმცროსმა აღმოაჩინა და თავი მოუყარა, რის შემდეგაც, გამომცემლობამ წიგნად გამოცემა გადაწყვიტა.
“კარგია, რომ კონსტანტინე გამსახურდია უმცროსმა, დალი ლოლუას შვილმა, გადაწყვიტა მემუარული წიგნისთვის თავი მოეყარა და შემდეგ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადავწყვიტეთ მისი გამოცემა. ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ზვიად გამსახურდიას შესახებ“,_ამბობს ზვიად კვარაცხელია.
პოლოტიკოსი და პოლიტიკური პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდია „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩანაწერებს დედა რუდუნებით ინახავდა და მისი გარდაცვალების შემდეგ შემთხვევით იპოვა.
„ჩანაწერები 2008 წელს დედას გარდაცვალების შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა მსმენოდა, რომ მას რაღაც აქვს დაწერილი, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ამოღებული ფურცლები და ფოტომასალა, რომელსაც რუდუნებით ინახავდა. ამ დამოკიდებულებით ჩანდა, რომ იგი იმ 13 წელს, რაც კოლხურ კოშკში გაატარა, თვლიდა თავისი სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად“,_ამბობს გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, წიგნში დალი ლოლუას კოლხურ კოშკში გატარებული პერიოდი ცოცხლად, დეტალიზებით, იუმორითაც კი აქვს აღწერილი და საინტერესოდ იკითხება.
„წიგნში 1960 წლიდან 1973 წლამდე პერიოდია ასახული. ეხება ქართული ლიტერატურის კლასიკოსს, კონსტანტინე გამსახურდიას, რომლის სიცოცხლის ბოლო წლებია თემატიზებური და რა თქმა უნდა, საქართველოს პირველ პრეზიდენტის ახალგაზრდობის წლებს, როდესაც ის დგამდა პირველ ნაბიჯებს. რაც შემდეგში გადავიდა დისიდენტობაში, სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. ეს ყველაფერი მოთხრობილია ცოცხლად, დეტალიზებით, ნიუნასებით, იუმორითაც. ძალიან საინტერესოდ იკითხება“,_ამბობს გამსახურდია.
კითხვაზე, ახსოვს თუ არა წიგნში აღწერილი პერიოდი, კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი გვპასუხობს _ „ბევრი რამე რაც ამ წიგნშია მოთხრობილი მახსოვს. მაგალითად, როგორ საუბრობდნენ ქართულ ლიტერატურაზე, ისტორიაზე. კონსტანტინე გამსახურდიას სახლში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენციის, მწერლობის, მეცნიერების წარმომადგენლები, მაშინდელი სახელმწიფო პარტიული მოღვაწეებიც კი. ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ისინიც კი სტუმრობდნენ კონსტანტინე გამსახურდიას. მართლაც, ეროვნული მოღვაწეობისთვის, პატრიოტიზმისთვის და ზოგადად, რა არის საქართველო, რა არის მისი დანიშნულება და რა აზრია ჩადებული საქართველოს ისტორიაში, ამ ყველაფრის გასაგებად ძალიან კარგი გარემო იყო შექმნილი“.