მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ ჩეკურაშვილმა და რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, 14 ოქტომბრიდან მოხსნილია შეზღუდვები საქართველოდან რუსეთში მაღალი რისკის შემცველი ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის (თხილი, ციტრუსი, ყურძნი, ვაშლი, მსხალი, კომში და სხვა) ექსპორტზე.
შალვა ფიფიას განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირების პირველივე დღეებიდან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნის საკითხზე.
“გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და მიღწეულ იქნა შეთანხმებები. გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად, 2013 წლის ივნისის თვიდან რუსეთის ბაზარზე ეტაპობრივად დაბრუნდა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის დაბალი რისკის პროდუქცია (ჩირი, დაფნა, ჩაი),” _ განაცხადა შალვა ფიფიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული პროდუქცისთვის ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტი უკვე 42 ქვეყანაში ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, რუსეთის ბაზრის გახსნის ხელშეწყობის ფონზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მაჩვენებელი 70 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის რუსეთის ბაზარზე განხორციელდა 9 000 000 ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი.