გაიმართა შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მისიის ფარგლებში, შეხვედრებზე განხილულ იქნა დოკუმენტების უსაფრთხოების, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით; მიგრაციის მართვის; თავშესაფრის პოლიტიკისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიმართულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა.
ვიზიტის დასასრულს შედგა დასკვნითი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ფარგლებშიც ყველა ექსპერტის მიერ ცალსახად პოზიტიურად შეფასდა საქართველოში პირველი და მეორე ბლოკებით გათვალისწინებულ სფეროებში კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და რეფორმები. ხაზი გაესვა, რომ სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის პირველი ორი ბლოკით განსაზღვრულ სფეროებში საქართველოში გამართული საკანონმდებლო ბაზა არსებობს, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
მისიის შედეგების შესახებ ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე ევროკომისიის ანგარიში ოფიციალურად გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ნოემბერში, რაც მეტად მნიშვნელოვანია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტისთვის სავიზო ლიბერალიზაციის კონტექსტში საქართველოს პროგრესის დემონსტრირებისათვის.