გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზიებით ტყის მართვა ცუდ ფორმად მიაჩნია და ეროვნულ სატყეო პოლიტიკის დოკუმენტში ამგვარი მიდგომა აღარ შეიტანა. ხათუნა გოგალაძის უწყებას გადაწვეტილი აქვს, შეისწავლოს ტყეების ჭრაზე გაცემული თითოეული ლიცენზია.
თუმცა როგორც ეროვნული სატეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, ლიცენზიანტებზე ჯერ-ჯერობით სიახლე არ არის. მათ შორის არც ჭიათურის წაბლნარზე.
“ლიცენზიანტების სამოქმედო არეალში შესვლა შეზღუდული გვაქვს. თუ დარღვევები ხდება, ჩვენ გვაქვს იმის უფლებამოსილება, რომ ჯარიმები გამოვუწეროთ. ამას ძალიან კარგად ვაკეთებთ და ისინიც ძალიან კარგად იხდიან, იმიტომ, რომ მათთვის ეს ფული პრობლემა არ არის. თვითონ ლიცენზიებით ტყის მართვა არის ძალიან ცუდი ფორმა. ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტში სხვა მიდგომა გვაქვს. რაც გაცემულია ლიცენზიები, სათითაოდ შევისწავლით მათ საქმიანობას. ზოგიერთი ლიცენზიანტი კეთილსინდისიერად მოქმედებს ტყეში, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა შევისწავლოთ ყველა”, _ აცხადებს გიორგობიანი.
ჭიათურის წაბლნარში ვინაიდან ინვესტორი სანიტარული ჭრის მაგივრად საღ ხეებს კაფავს, ეს უარყოფითად მოქმედებს თავად ტყის ეკოლოგიურ სიჯანსაღეზე. გეზრულის წაბლნარები ე.წ. წაბლის კიბოთია აავაებული და საჭიროა, იქიდან არაჯანსაღი ხეების გამოტანა. თუმცა როგორც გეზრულის მაცხოვრებელი როლანდ ხოჯანაშვილი ამბობს, მოჭრილი ტოტები და კუნძები ინვესტორს არ გააქვს, რაც დაავადების კიდევ უფრო გავრცელებას უწობს ხელს.
“დაავადებული ხიდან თუ მაქსიმუმ ერთი კუბამეტრი გამოდის, საღიდან გამოდის -2. უცხოეთში გატანილი წაბლის ხის მასალის ფასი ძალიან ძვირია, ამიტომ საღს ჭრიან. ორჯერ ჩამოვიდა აქ გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური. ერთხელ შარშან ზამთარში, მეორედ წელს – ზაფხულში. მან დააჯარიმა ინვესტორი და აღნიშნული დარღვევა სასამართლოს გადასცა. ინვესტორს ახალი ნერგები უნდა დაერგო იმ ტერიტორიაზე, სადაც ჭრას ახორციელებდა. ხეების ჭრისთვის გამოყოფილი 2 წელი ნოემბერში ეწურებათ. ამის შემდეგ განაშენიანება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავს არაფერს აკეთებენ”, _ აცხადებს ხოჯანაშვილი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მეტყევის ლერი ჯოჯუას თქმით, ჭიათურის წაბლნარების შესწავლის საკითხი დღის წესრიგში დგას.
“წაბლს აქვს დაავადება, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ მკურნალობენ. ერთადერთი საშუალებაა დაავადებული ხეების ტყიდან გამოტანა. ეს ღონისძიებები უკვე ხორციელდება და წელს დაგეგმილია, რომ სპეციალისტები წავიდნენ და შეამოწმონ, რა შედეგები გამოიღო ამ ღონიძიებებმა. შედეგები გვაჩვენებს, რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”, _ აღნიშნა ლერი ჯოჯუამ.