მათი ინტერესის საგანია სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრება საპროცესო შეთანხმების ქართულ მოდელთან დაკავშირებით. მომჩივანი ნაცვლიშვილი მიუთითებს, რომ სწორედ საპროცესო შეთანხმების გაფორმებით დაირღვა მისი უფლება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ სამინისტრო ინსტიტუტის ძირეულ ცვლილებას გეგმავს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
“საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მიმართ ნეგატიური განწყობა არსებობს, თუმცა იუსტიციის სამინისტროში მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ინსტიტუტი სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად, თუკი ის იქნება გამოყენებული ადექვატურად და სისხლის სამართლის პრინციპების დაურღვევლად. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობაში რაღაც ხარვეზები არსებობს, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ ცვლილებებზე. თებერვალში გვქონდა სასწავლო ტური კალიფორნიის შტატში, გარდა ამისა შევისწავლეთ ევროპული გამოცდილებაც, ვსწავლობთ ადგილობრივ გამოცდილებასაც და ამის შესაბამისად განხორციელდება ცვლილებები არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არამედ მატერიალურ კოდექსშიც,” _ აღნიშნავს ბარამიძე.
საპროცესო შეთანხმების არსებული მოდელის ცვლილებას ეთანხმება პროკურატურაც. მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი უნდა გათავისუფლდეს ბიუჯეტის შევსების ვალდებულებისაგან.
“2013 წელს ბრალდებულთათვის უსამართლო პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევები არ ყოფილა. არსებითი გარემოება, რომელიც ჩვენი აზრით განაპირობებს საპროცესო შეთანმების ინსტიტუტის სათანადო ფუქციონირებას, არის მისთვის ორგანულად შეუთავსებელი ბიუჯეტის შევსების ჩამოცილება,” _ ამბობს რეხვიაშვილი.
პროკურატურის სტატისტიკით, 2013 წლის 6 თვის განმავლობაში საპროცესო გარიგებებით ბიუჯეტში შეტანილი თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით 55,2 პროცენტით ნაკლებია. 6 თვის განმავლობაში გაფორმებულია 5523 საპროცესო შეთანხმება და აქედან ჯარიმა გამოყენებულია 2131 შემთხვევაში. როგორც რეხვიაშვილი ამბობს, მიმდინარე წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა გამოძიებით დასრულებულ და სასამართლოში განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეთა დაახლოებით 90 პროცენტში.