პრემიერმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კოალიციის და მთავრობის მიერ შესრულებულ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით ქვეყანაში, ხალხს ობიექტური ანგარიშსწორების სურვილი ქონდა. თუმცა, მიუხედავდ ამისა, მთავრობამ ხალხთან ერთად შეძლო და ძალადობრივი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გააცილა.
ივანიშვილი ჯანდაცვასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ორ სფეროში მიღწეული შედეგები არ წარმოადგენს იმ რეალურ სურათს, რაც უნდა იყოს. თუმცა, ის რისი გაკეთებაც მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში შეძლო, არსებულ სიტუაციაში სასწაულის ტოლფასია.
“პოლიცია ძალადობის და სიცრუის იარაღად იყო გადაქცეული, მაგრამ ქართველი კაცის დიდმა კულტურამ, ჩვენმა დიდმა გონიერებამ მოგვახერხებინა ის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში მოვახერხეთ: უსისხლოდ, მშვიდობიანად გაგვესტუმრებინა ჩვენი მოძალადე და სიცრუეზე დამყარებული ხელისუფლება. ძალიან რთული ერთი წელი გვქონდა, რამეთუ ხალხში დიდი აგრესია იყო.
ერთი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ გავაკეთეთ სასწაულის ტოლფასია იმ რეალობაში, რაც დაგვხვდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას მანამ, ვიდრე ქართველ კაცს ღირსეული შემოსავალი არ ექნება,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრისას და მათ 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლისა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“მარგველაშვილს სურვილი აქვს, მოვიდეს და ემსახუროს საკუთარ ხალხს. ეს არ არის სავარძლისთვის განწესებული კაცი, ეს არის სამსახურისთვის მოსული კაცი, რომელსაც სურს, რომ თავისი ქვეყანა აყვავებული ნახოს და ასეთი პრეზიდენტი გეყოლებათ თქვენ. თქვენ იცით, რომ მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ და არასდროს კაცს ჩემგან გატეხილი სიტყვა არ ახსოვს. იცოდეთ, რომ 20 წლის განმავლობაში სანამ ჯანი მექნება და სანამ ჩვენს აყვავებულ საქართველოს არ ვნახავ, ჩვენი ხალხის სამსახურში ვიქნები,” _ განაცხადა პრემიერმა.