XVII საუკუნეში აჭარის მაღალმთიან სოფელ ჭყონას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ოსმალთა შემოსევების შედეგად დანგრევისა და გაძარცვის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ იქ მოღვაწე მღვდელმა ზაქარიამ ტაძრის სიწმინდეების გადარჩენა შეძლო. მან ფეხით გადაიარა მთები და გურიაში, შემოქმედის მამათა მონასტერში მივიდა. გზად ე.წ. ჯვრის ადგილზე თავის მხლებლებს ანდერძად დაუბარა გადარჩენილი სიწმინდეები უკან დაებრუნებინათ. შემოქმედის მონასტერში ეს სიწმინდეები გარკვეული დროის განმავლობაში ინახებოდა. თუმცა, გასაბჭოების პერიოდში, არამარტო ჭყონის, შემოქმედის სიწმინდეებიც კი გაიფანტა და დაიკარგა.
მღვდელ ზაქარიას შთამომავლებმა, სანდრო შარაშიძემ, სოფ. ჭალაში, ჭყონასთან ახლოს, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით სამების სახელობის ეკლესია ააშენეს.
2012 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას, მამა ზაქარიას მიერ შემოქმედში ჩატანილი ჯვრის იდენტური ჯვარი ჭალის ეკლესიაში იმავე გზით (გომის მთის გავლით) ჩააბრძანეს, რა გზითაც მღვდელი ზაქარია აჭარიდან შემოვიდა.
ამ აქციაში შემოქმედის მრევლი მონაწილეობდა. მათი თაოსნობით და ინიციატივით, არქიმანდრიტ იოანეს (1991-1997 წწ-ში შემოქმედის მონასტერში მოღვაწე მღვდელი ბასილი კიკვაძის) ლოცვა-კურთხევით დაიწერა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ჭალის ეკლესიას შემოქმედის მრევლმა არქიმანდრიტ ელიზბარსთან ერთად შესწირა.
ამით შემოქმედელებმა, ერთგვარად, ვალი მოიხადეს მამა ზაქარიას წინაშე. აღასრულეს მისი ანდერძი და ჭყონას ეკლესიას დაკარგული სიწმინდეების სანაცვლოდ წმინდა გიორგის ხატი შესწირეს.
ხატი ამ დროისთვის შემოქმედის მამათა მონასტერშია დაბრძანებული და მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება ეძლევათ.