ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოჯახური მარნებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ თეთრი და წითელი ყურძნისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო.
“წარმატებული რთველის შემდეგ, ნამდვილად კარგ ტრადიციას წარმოადგენს ღვინის ფესტივალის ჩატარება. საქართველოში ღვინის კულტურა უძველესია და ამას ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება. ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ეს არის საერთო საქმე და ამ მიმართულებით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად იმუშავებს,” _ განაცხადა დავით შერვაშიძემ.
ფესტივალის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა 11 ქართულმა კომპანიამ როგორც ქვევრის, ისე ქართული (ე.წ “გლეხური”) და ევროპული წესით დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. ფესტივალის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კახური სამზარეულოს გამორჩეული კერძები და ქართული ღვინის ნიმუშები.
სიღნაღში გამართულ ღვინის ფესტივალს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მუსიკალურად აფორმებდნენ და უცხოელი ტურისტებისთვის ნამდვილ ქართულ, ტრადიციულ საზეიმო ატმოსფეროს ქმნიდნენ.
ფესტივალზე ხალხური რეწვის ნიმუშების: თექის, ქვილთის, ხალიჩების, ფარდაგების, სალამურების, ფანდურების, გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.
დღეს გამართული ფესტივალის მიზანი სიღნაღის, როგორც ქალაქის, ასევე ადგილობრივი ღვინისა და კუთხური სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.