“შერატონ მეტეხი პალასში” სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სპორტსმენებს ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წარუდგინეს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი მიზანია სპორტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იქნას გამოყენებული, არამედ “სპორტი უნდა იქცეს შეჯიბრად.”
“ჩვენ სპორტსმენებს არ გავხდით პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ჩვენ არ გამოვიყენებთ სპორტსმენებს და მათ ავტორიტეტს ვინმესთვის ხელის გადასაგრეხად. ჩვენს მთავრობაში არავის მოსვლია თავში, რომ ზონდერ-ბრიგადებში ჩავსვათ და შესაბამისად ჩვენ გვერდით გვიდგას სპორტსმენების სახით ხალხი, რომლის პოლიტიზაციასაც არ ვაპირებთ. სპორტი არ იქნება პოლიტიზირებული და ჩვენი მიზანია, რომ ეს იყოს მართლაც შეჯიბრი”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვეს. როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი არ უნდა გაჩერდეს იმ ბრძოლაში, რომელშიც ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების სახით.
“ბევრი ადამიანი გიდგათ გვერდში, მათ შორის ჩემი სახით. თქვენ ორი და ათი ტურიც რომ დაგჭირდეთ, უარი არ უნდა თქვათ ამ ბრძოლაში ბოლომდე მონაწილეობაზე”, _ განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
გიორგი მარგველაშვილი მეორე ტურის თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხმა საჭიროა იმისთვის, რათა ძალები სრულად იქნას მობილიზებული: “მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას არ ნიშნავს. ჩვენ ვაცხადებთ რომ ვიგებთ პირველ ტურში. ეს განცხადება უკან დახევა კი არა, თავდასხმაში გადასვლაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ბოლომდე გაგვეაქტიურებინა ჩვენი რესურსი, რათა გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის თამაში. თავდასხმისთვის გვჭირდება ძალების მობილიზება და იმპულსირება. უბრალოდ, კი არ ვიგებთ, ეს იქნება პოზიტიური დარტყმა და ასევე განაჩენი ყველაფერი იმისა, რაც აქამდე საქართველოში ხდებოდა”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან ორი საათი გაგრძელდა.
(R)