“მოგახსენებთ, რომ ოზურგეთში შეიქმნა პრეზიდენტობის კანდიდატის მარგველაშვილის მხარდამჭერთა საზოგადოებრივი დარბაზი.
_ გთხოვთ სასწრაფოდ შეისწავლოთ რამდენად ჯდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დარბაზის შექმნის სამართლებრივი ბაზა;
_ დარბაზის ფინანსირების წყარო ( ოფისის ქირა, საკანცელარიო ტექნიკა და მოწყობილობა, მობილური კავშირებისა და საწვავის ხარჯები და სხვა);
_ საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ჩართულობა და მათი ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიაში _ მიმდინარეობს ამომრჩეველზე და კომისიის წევრებზე ზეწოლა და მოსყიდვა;
_ გთხოვთ, დარღვევებზე სასწრაფოდ გაატაროთ კანონით გათვალისწინებული ზომები და გვაცნობოთ მიღებულ რეაგირებაზე,” _ ეს სარჩელი “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბმა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში შეიტანა.
ამ თემაზე ჩვენ ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეს თამარ ნადირიძეს ვესაუბრეთ.
_ ქალბატონო თამარ, რას ან ვის გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ ოზურგეთში საარჩევნო მოსყიდვის კანტორა ამოქმედდა?
_ პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხის გადაბირებას.
_ კონკრეტული ფაქტები გაქვთ? ვინ ახორციელებს ამას?
_ მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა დარბაზი, ასეთივე ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2008 წელს და შექმნეს “ ნაციონალებმა“, ზუსტად ეს დარბაზობა ემსახურებოდა საზოგადოებას, რა თქმა უნდა, გადაბირების მცდელობებით. მიდიოდა მოსყიდვა ფულით, იცემოდა თანხები, იყო თანამდებობების შეთავაზება, ასევე, დაშინება.
_ ქალბატონო, თამარ, ეს იყო რამდენიმე წლის წინ. დღეს გაქვთ რაიმე მსგავსი ფაქტი?
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრ სოფელში რიგდება ფული, არის მოსყიდვის ფაქტებიც… ეს ინფორმაცია გვაქვს უკვე რამდენიმე დღეა…
_ ქალბატონო თამარ, თუ ასეთ ინფორმაციებს ფლობთ, დაგვისახელეთ ერთი კონკრეტული სოფელი, სადაც გაიცა თანხა.
_ არ ვიცი ახლა, ზუსტად სოფლებს ვერ დავასახელებთ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ.
_ პრობლემა ვინმეს შეექმნა? გაქვთ ინფორმაცია დაშინებასთან დაკავშირებით?
_ არის მიკითხვები სახლში, გადმობირების მცდელობები, რომ ხვალ უკეთესი სამსახურები ექნებათ, ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდება..
_ თუ ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი, დაგვისახელეთ ერთი კონკრეტული ფაქტი.
_ წინა წლებისგან განსხვავებით ისეთი მასიური სახე არ აქვს და მაგ მხრივ გაუმჯობესებულია მდგომარეობა, მაგრამ ისეთივე მეთოდებს იყენებენ ახლაც და არ შუქდება, მასიური სახეც არ აქვს.
_ თქვენ ითხოვთ დარბაზის ფინანსური წყაროს დადგენას და აცხადებთ, რომ ამის უკან დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები დგანან…
_ ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ქუჩაში, ამას გაიგონებთ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვესმის ქუჩაში… რამდენად სწორია, არ ვიცი. რომ გამოვიძიოთ, პროკურორები უნდა ვიყოთ. ჩვენ მივმართეთ იმ ორგანოებს, ვისაც ამის დადგენა შეუძლია _ პროკურატურას და საოლქო საარჩევნო კომისიას.
_ ანუ ქალბატონო თამარ, ასეთ განცხადებებს ქუჩაში გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აკეთებთ?
_ იმაზე დაყრდნობით, რასაც ქალაქში საუბრობენ, ეს, ხშირ შემთხვევაში, რეალობასთან არის ახლოს.
გიორგი მარგველაშვილის ოზურგეთის მხარდამჭერთა დარბაზის ერთერთი დამფუძნებელი თენგიზ თავბერიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ დარბაზი აბსოლუტურად სამართლიანად შეიქმნა:
_ ოზურგეთელების ენთუზიაზმით ჩამოვყალიბდით, რომ მხარი დაგვეჭირა გიორგი მარგველაშვილისთვის. ესაა ქვეყნის მომავალი და თითოეული მოქალაქის მოვალეობა.
_ ბატონო თენგიზ, ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბი პროკურატურას დარბაზის დაფინანსების წყაროს დადგენას თხოვს..
_ ჩვენ ჩვენი საკუთარი ოჯახებიდან მოგვაქვს ფული, ჩვენი ჯიბიდან იხარჯება ოფისისთვის საჭირო თითოეული თეთრი. აქ არ არის ერთი და ორი ადამიანი _ მოვიდა ასეულობით მხარდამჭერი და თითოეულს გააჩნია ამისთვის სახსრები. ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი ხარჯები.
_ ხართ თუ არა ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში, მიმდინარეობს თუ არა თქვენგან ამომრჩეველზე და კომისიის წევრებზე ზეწოლა ან ცდილობთ თუ არა ვინმეს მოსყიდვას?
_ ვერავინ ვერ დაასახელებს მსგავს ფაქტს. ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. ეს გამორიცხულია. დადონ ერთი ფაქტიც და პირადად მე ვაგებ ამაზე პასუხს.
_ ბევრს საუბრობენ, რომ ეს დარბაზი არის უკანონოდ შექმნილი…
_ ჩვენ გვაქვს დებულება დარბაზის შექმნასთან დაკავშირებით და ნახეთ, გადაიღეთ. რას ჰქვია უკანონობა? აქ ვინმე დაძალებით მოვიდა? ჩვენ ყველანაირი საბუთი მოწესრიგებული გვაქვს, _ ამბობს თენგიზ თავბერიძე და ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ერთერთ წარმომადგენელს, კახა კეჭაყმაძეს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს: _ ის ვალდებული იყო, ჩემთან დაკავშირებით ეს საკითხი არ წამოეწია, მას შეეძლო ჩემი სახელი და გვარი ამ განცხადებაში არ გაეჟღერებინა. მე მას საკადრის პასუხს გავცემ ამასთან დაკავშირებით. რად უნდათ ეს თითიდან გამოწოვილი რაღაცეები, დადონ ფაქტები და ისე ისაუბრონ.
ბურჯანაძის შტაბმა ამ თემაზე სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა _ “ოზურგეთში ამომრჩეველთა და კომისიის წევრთა „მოსყიდვის კანტორა” ამოქმედდა”:
“ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბი საზოგადოებას აუწყებს, რომ „მოსყიდვის კანტორა” ამ დღეებში გაიხსნა ქალაქის ცენტრში, პრეზიდენტობის კანდიდატის, მარგველაშვილის მხარდამჭერთა საზოგადოებრივი დარბაზის უწყინარი სახელით, რომლის სათავეებთან ოზურგეთელებისთვის კარგად ცნობილი, არჩევნების ”დიდოსტატი” ბატონი თენგიზ თავბერიძე – იგივე ”პიპინია” ფიგურირებს.
პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ქართული ოცნების ოზურგეთის საარჩევნო შტაბს წინასაარჩევნო პროცესები წარმართოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ასევე მოითხოვს, საზოგადოებას განუმარტონ საზოგადოებრივი დარბაზის წარმომავლობა, დანიშნულება და იღებს თუ არა „ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას პიროვნებათა ამ ჯგუფის ბოლოდროინდელი ქმედებების კანონიერებაზე.
ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბი მიმართავს უწყებათაშორის კომისიას, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას, შს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს და #60 საოლქო საარჩევნო კომისიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში გამოიკვლიონ გარემოებები, თუ რა სამართლებრივი ბაზის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივი დარბაზი და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში მათი ფინანსური წყარო, აგრეთვე, შეისწავლონ ქალაქ ოზურგეთის და სოფლების საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან და წევრებთან „გადაბირების შტაბის” წარმომადგენლების კონტაქტები და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები მათი მხრიდან არჩევნებში უკანონო ჩარევისაგან თავის დაცვის მიზნით.”
ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი კახა კეჭაყმაძე ამბობს, რომ ის აბსოლუტურად ეთანხმება პოლიტიკურ განცხადებას, რაც ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის შტაბში გაკეთდა:
_ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ერთი და იგივე ადამიანები იყოს ყველა ხელისუფლების მხარდამჭერი. თუ ამაში თენგიზ თავბერიძე იგულისხმებს თავის თავს, ეს განცხადებაც მიიღოს.