დიმიტრი ჯაიანის განცხადებით, აფხაზეთიდან ამ ბოლო ხანებში დადებითი აურა მოდის და ჩნდება იმედი, რომ შესაძლებელი იქნება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ამ კუთხით.
“აუცილებელია არსებობდეს აფხაზეთის კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო. აი, ამ სამინისტროს მინისტრის პოსტზე დიდი სიამოვნებით დავიხარჯებოდი, რადგან მინდა ისეთი პიროვნებები, როგორებიც მურთაზ ურიდია და შერმადინ შარია არიან, ამ სამინისტროში დასაქმდნენ და გააგრძელონ ის საქმე, რომელსაც დაუღალავად ემსახურებოდნენ წლების მანძილზე. მინდა მოლაპარალკებები ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ კოლეგებთან და ეს ადამიანები შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა თავიანთ აფხაზ კოლეგებთან ერთად თუნდაც ერთი ჩამოვარდნილი ფრესკის აღდგენა დაიწყონ. აი, მაშინ შემეძლება ვთქვა, რომ მისია შევასრულე.”
ჯაიანის განცხადებით, საგანგაშო მდგომარეობაა მე–11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესიაში, რომლის რესტავრაცია რუსების მხრიდან არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მისივე განცხადებით საქართველის პატრიარქი ილია მეორე უკვე აწარმოებს ამ საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პატრიარქთან.
აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე იქნება შესაძლებელი მოლაპარაკებების განახლება და ამის საფუძველს ჟენევაში ვახტანგ ყოლბაიას კოლეგებთან შეხვედრა აძლევს.
“გახარებული დაბრუნდა ვახტანგ ყოლბაია ჟენევიდან, სადაც ის თავის კოლეგებს შეხვდა და დაისვა საკითხი გალში შეხვედრების განახლებაზე. აფხაზი მხარის მოთხოვნაა, რომ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე შეძლონ კულტურის, განათლების და სპორტის წარმომადგენლებმა შეხვედრები. ეს აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძეგლების აღდგენა და შენარჩუნება. ჩვენ გვინდა შევიდეთ აფხაზეთში და დავიწყოთ ჩვენი კულტურის მოვლა”.
ჯაიანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის კულტურა ქართული კულტურის გარეშე არ არსებობს და ის ადამიანებიც, რომლებიც ცდილობდნენ ყველანაირად ჩაეტეხათ ხიდი ამ ორ კულტურას შორის, მიხვდნენ ამ მარტივ ჭეშმარიტებას.
“ბესლეთის თამარის ხიდზე არსებული წარწერა ვიღაც გარეწარმა ამოფხაჭნა და წაშალა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ ამით ვერაფერს დააკლებდა ქართულ კულტურას, რადგან ეს წარწერა მირიანაშვილის სახელობის მუზეუმშია დაცული. აი, დღეს უკვე ასეთი ადამიანებიც მიხვდნენ, რომ თავიანთი ქმედებით საფრთხეს აფხაზეთის კულტურასაც უქმნიან, რადგან აფხაზეთის კულტურა ქართული კულტურის გარეშე არ არსებობს. მიხვდნენ, რომ ისინი არა მარტო ქართველების, არამედ აფხაზების მტრებიც არიან. მე ძალიან მიხარია, რომ აფხაზეთიდან ბოლო პერიოდში დადებითი აურა მოდის”.