დღის წესრიგით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მურად შამათავას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი იყო გათვალისწინებული.
შამათავა პირველად, 14 ივნისს, საკრებულოს წევრთა მოთხოვნით გათავისუფლდა თანამდებობიდან, შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა, რის შემდეგაც მოვალეობის შესრულებას მეორედ შეუდგა, თუმცა, მისი საკრებულოში გამოცხადებისთანავე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრები არ შეურიგდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციოში გაასაჩივრებდნენ დადგენილებას, თან რიგგარეშე სხდომას მოიწვევდნენ.
სხდომაზე დაპირისპირება და ხმაური იყო. თავად შამათავა სხდომას არ დასწრებია. მისი განცხადებით, აწ უკვე “ქართულ ოცნებას” შეკედლებული ყოფილი ნაციონალები საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ახდენენ და ისე აიძულებენ მის იმპიჩმენტს. შამათავა აცხადებს, რომ არც ამჯერად აპირებს დანებებას და სასამართლოში შეიტანს სარჩელს: “როგორც პირველად, 14 ივნისს, ისე დღესაც, ჩემი გადაყენება იყო უკანონო, დანებებას არ ვაპირებ, ისევ გავასაჩივრებ სასამართლოში და იმედი მაქვს, სასამართლო ისევ სამართლიან განაჩენს გამოიტანს. სენაკში დღესაც ყოფილი ნაციონალები არიან, რომლებიც კარგად შეინიღბნენ და კოალიციის სხვადასხვა პარტიას შეაფარეს თავი. საკრებულოს ვერც ერთი წევრი ვერ გეტყვით, რატომ აწია ხელი და რატომ მისცა ხმა ჩემს გადაყენებას. თანამდებობაზე აღდგენის დღესაც განვაცხადე, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება და ყველა მათგანთან ვაპირებდი თანამშრომლობის გაგრძელებას. ესენი მიჩვეულები არიან ყველაფერი აკეთონ ისე, როგორც მათ და მათ ლობისტებს სურთ, მე კი მინდა ხალხისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგას და სენაკელებმაც იგრძნონ ახალი დროების დაწყება”.
თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ხაბურზანია აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომა დეპუტატების მოთხოვნით იქნა მოწვეული, რადგან არ სურთ შამათავას თანამდებობაზე დაბრუნება: “თავმჯდომარის გადაყენება გამოწვეულია უნდობლობის მოტივით. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დაბრუნდა და კაბინეტში შევიდა, ერთი კვირის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით. მე მაშინვე ვთქვი, რომ დეპუტატების მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე შესული იყო კანცელარიაში და დღეს გაიმართა ეს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საკრებულოს 16 წევრი. 14 წევრმა შამათავას გადადგომაზე საკითხის კენჭისყრის დროს ხელი აწია”.
შამათავას მომხრეები აცხადებენ, რომ სენაკში განუკითხაობაა და საჭიროა დროულად შეიცვალოს საკრებულოდან დაწყებული მართლმსაჯულების ორგანოებით დამთავრებული ყველა მაღალჩინოსანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი თვითონ ეცდება სამართლის აღდგენას.
ნუნუ გვილავა: “სენაკში უპატრონობა და განუკითხაობაა, აბსოლუტურად მიუღებელია, რაც ხდება. ახალი პრემიერის და ახალი პრეზიდენტის ყურამდე უნდა მივიტანოთ ჩვენი მოთხოვნა, მოხედონ სენაკს, ეყოფათ მისაბიშვილს და მის ლაქიებს სენაკში ბოგინი და სენაკელების შევიწროვება. უამრავი დანაშაული ჩაიდინეს და ახლა კიდევ თბილად მოკალათებულები განაგრძობენ თავიანთ საქმეებს. ჩვენ არ დავთმობთ და აუცილებლად მივაღწევთ სენაკში სამართლიანობის აღდგენას”.
შამათავას მხარდამჭერი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავას განცხადებით, დაიღალა ხალხი ამდენი უსამართლობით. ის აცხადებს, რომ აუცილებლად მიმართავენ ახალ მთავრობას და მოითხოვენ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი კადრების ამოღებას, რასაც მისაბიშვილი და მისი ჯგუფი სენაკში არჩევნების პერიოდში ჩადიოდნენ.
ინგა ქარდავა: “სენაკის საკრებულოში უკანონობას საზღვარი არ აქვს. მედროვე ნაციონალებმა ისევ შტურმით აიღეს კოალიცია. ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ სენაკში ისევ ბოგინობენ მისაბიშვილი და მისი ბანდა, მაგრამ ამის აღიარება არავის უნდა. მე არაერთხელ გამისვია ხაზი მათ კავშირზე ქურდულ სამყაროსთან, მაგრამ არც ამაზე იყო რეაგირება. ამიტომაც მარგველაშვილმა სენაკში ძალიან ცოტა ხმა მიიღო. ის ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ნაციონალების მომხრეები იყვნენ და არაფერზე არ იხევდნენ უკან გამარჯვების მისაღწევად, ის ადამიანები, რომლებიც გვებრძოდნენ, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, ზოგი პარტიის თავმჯდომარეა. წარმატებულად გადაბარგდნენ და იმუნიტეტად გაიხადეს კოალიციის წევრობა. ასეა სენაკის რესპუბლიკურ პარტიაში _ მისი თავმჯდომარე ყოფილი ნაციონალი ბესიკ ნარმანიაა. მანაც ხმა მისცა დღეს შამათავას უკანონო გადადგომას. ჩვენ არ გავჩერდებით და სამართალს აღვადგენთ, სენაკს კი გავათავისუფლებთ სისხლისმსმელებისგან. დღეს სენაკის უღირს გამგებელს გაუმაგრეს სკამი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს ყველაფერი საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს”.
ბესიკ ნარმანია ახსენა თავად საკრებულოს თავმჯდომარემ მურად შამათავამაც და აღნიშნა, რომ ის რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, თუმცა, “რესპუბლიკურ პარტიას” შეაფარა თავი.
თავად ნარმანია აცხადებს, რომ პარტიულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს კოალიციის შიგნით და მხოლოდ პიროვნული შეხედულებით მიიღო გადაწყვეტილება: “პარტიებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. მე მას მხოლოდ პიროვნულად ვუცხადებ უნდობლობას,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბესიკ ნარმანიამ.
დღეს სენაკის მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც შამათავას მხარდამჭერების გვერდით იდგა დილიდან, აღნიშნა რომ სჯერათ ახალი პრეზიდენტის, ახალი პრემიერის და იმედოვნებენ ახლა მაინც დამთავრდება დამნაშავე “მედროვე ნაცებთან” კოჰაბიტაცია.