თურქმენეთის 70% უდაბნოა, კონკრეტულად ყარაყუმის უდაბნო. ქვეყანა გაყოფილია ხუთ პროვინციად. მათგან მეორე ყველაზე დიდი პროვინციაა აჰალ ველაიათი, რომელიც მდებარეობს სახელმწიფოს სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. აჰალი ძირითადად უდაბნოა და აქ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს, მაგრამ ის ძალიან მდიდარია ბუნებრივი გაზის საბადოებით.
როდესაც 1971 წელს საბჭოთა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნავთობის საბადო ქალაქ დერვეზესთან, მათ სასწრაფოდ დაიწყეს გათხრითი სამუშაოები. მუშაობის დროს მიწა ჩაიქცა და წარმოიქმნა კრატერი და იქედან დიდი რაოდენობით მეთანის გაზი გადმოიფრქვა.
კატასტროფა დაიწყო მაშინ, როდესაც მუშების კარვებს ქვეშიდან მიწა გამოეცალა და ხალხიც თან ჩაიყოლა. სასწაულებრივ არავინ არ დაღუპულა, მეტნაკლებად იმის გამო, რომ მომუშავეები მოექცნენ ქვიშის ქვეშ და მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ, ხოლო მეთანის გაზისგან ისინი კომბინეზონებმა დაიცვეს.
გეოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა, მეთანის გაზისთვის ცეცხლის წაკიდება. ისინი ვარაუდობდნენ, რომ გაზი რამდენიმე დღეში ჩაიწვებოდა და მათ არ დაჭირდებოდათ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენება მეთანის ამოსაღებად, რაც არამარტო ძვირი დაჯდებოდა, არამედ სამუშაოები რამდენიმე თვეც გასტანდა.
მაგრამ, როდესაც მეცნიერებმა გაზს ცეცხლი წაუკიდეს, კრატერიდან კიდევ უფრო დიდი რაოდენობით მეთანი გამოიფრქვა და აგერ უკვე 40 წელია წვა არ შეუწყვეტია. ადგილობრივებმა ამ ადგილს “ჯოჯოხეთის კარიბჭე” შეარქვეს.
თურქმენეთს დღეისთვის გამოიმუშავებს 75 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყოველწლიურად. მიუხედავად ასეთი სიმდიდრისა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ამ კრატერის გასუფთავება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო მის მიმდებარე ქალაქს, არამედ დიდ ზიანს აყენებს დედამიწის შიდა შრეებს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში გაზის წვა იმის მიმანიშნებელია, რომ იქ მდებარეობს ნავთობის და ბუნებრივი აირის უზარმაზარი საბადო, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს და ამ აფეთქებასთან შედარებით ატომური ბომბის აფეთქება უმნიშვნელო ზიანის მომტანი იქნება.