ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მსგავსი ცვლილებით, შესაძლოა, ის ძეგლებიც აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, რომლებიც აქამდე განსხვავებული და დაცული სტატუსით სარგებლობდნენ.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” დღეს მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ ისტორიული თუ კულტურული ღირებულება დაკარგა, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ან მეცნიერული კრიტერიუმებით ის ძირითადი მახასიათებელი აქვს დაკარგული, რომლის გამოც ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კანონი ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის რაიმე სახის საგამონაკლისო ნორმებს და აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძვლებს, სადღეისოდ არ ითვალისწინებს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად კი, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებულ მე-17 მუხლს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, მთავრობის განკარგულებით ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა დასაშვები ხდება. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ამავე პროექტის გათვალისწინებით, “განსაკუთრებულ შემთხვევებში” ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობა არ ვრცელდება ეროვნული კატეგორიისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე.
ისტორიკოსი გია ანჩაბაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნა ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირდება, რაც დაუშვებელია.
“ძნელია შეაფასო სახელმწიფოს საჭიროება რა არის, ან როგორ უნდა შეფასდეს? ან თუ დაინგრა, მერე ვინღა აღადგენს ამას თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი საჭიროება სინამდვილეში არ იყო? პასუხისმგებლობა არაფერი არ არის? მე რომ მკითხოთ ეს დაუშვებელია. აქამდე ამ ძეგლებს ვიცავდით და ახლა ამის გაკეთება წარმოუდგენელი იქნება. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. კულტურის სამინისტრო ამას მხარს როგორ უჭერს, ვერ ვხვდები. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეიძლება თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ კულტურის სამინისტრომ როგორ შეიძლება ამას მხარი დაუჭიროს? კულტურის სამინისტრო იმიტომ არსებობს, რომ კულტურა დაიცვას. შესაძლოა, ჰქონდეთ თავის არგუმენტები, მაგრამ ამის გატანა პარლამენტში მაინც დაუშვებლად მიმაჩნია. უფრო უპრიანი იქნება, რომ ის კანონი უფრო მეტად გავამკაცროთ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს, ვიდრე შევამსუბუქოთ, ან კანონს ხელი საერთოდ არ ვახლოთ. დღეს შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ესა თუ ის ძეგლი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ შეიძლება ის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე დღეს ჰქონიათ. ჩემი აზრით, აქ ეკონომიკური ინტერესები იკვეთება. არ ვიტყვი ეს სახელმწიფო ეკონომიკაა თუ სხვა, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროა ამ ცვლილების ინიციატორი, მისი ინტერესები გამოკვეთილია. რომელ ძეგლებს შეიძლება მოეხსნას სტატუსი ჩემთვის უცნობია. თუმცა, ისიც არ არის საკმარისი, რომ იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ძეგლებს ვერ შეეხებიან. ეს ძეგლები უნიკალურია, მაგრამ არის კიდევ ათასობით კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი, რაც იუნესკოს ძეგლთადაცვის ნუსხაში არ არის. იუნესკოს მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობისთვის აუცილებელი ძეგლები აქვს თავისი მფარველობის ქვეშ, მაგრამ ხომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძეგლები? მათი სტატუსგარეშე დატოვება, ისე, რომ ჩინოვნიკების სურვილისამებრ მოხდეს ყოფნა-არყოფნა, ვფიქრობ, სწორი არ არის,” _ აცხადებს ანჩაბაძე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის მთავრობის განკარგულების მიხედვით სტატუსის მოხსნის წინააღმდეგია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “ტფილისის ჰამქარი”. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული ნორმის იურიდიულ ძალას, ხოლო მეორეს მხრივ, სერიოზული საფრთხის შემცველია და შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
“ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება “განსაკუთრებულ შემთხვევებში”. აღნიშნული გარემოება თავისთავად ტოვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სუბიექტურობის მაღალ საფრთხეს და ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც “განსაკუთრებული შემთხვევა”. უცნობია, თუ რა იგულისხმება “სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაში” და როგორ, რა ფორმით და რომელი კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდება ყოველი კონკრეტული შემთხვევა, როგორც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა. მსგავსი ბუნდოვანი ნორმების შემოტანა ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი კანონონშემოქმედებით პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მე-17 მუხლის არსებული რედაქცია უკვე ამკვიდრებს იმ წინაპირობებს როდესაც შესაძლებელია ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა. შესაბამისად, კანონში არსებული ჩანაწერი უკვე წარმოადგენს “განსაკუთრებულ შემთხვევათა” ერთობლიობას. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიზანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება კი წინააღმდეგობაშია კანონის ბუნებასთან და არაფერი აქვს საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან. ის გარემოება, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება არ გავრცელდება ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე, არ შეიძლება გახდეს დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ძეგლის კატეგორიის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა ის ძეგლებიც აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, რომელიც მანამდე განსხვავებული და დაცული სტატუსით სარგებლობდნენ,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
“ეს ფაქტი თავისთავად აჩენს ეჭვს, რომ ცვლილების განხორციელების უკან შესაძლოა კონკრეტული ეკონომიკური ინტერესები იყოს. აღნიშნულ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, კანონპროექტის მიღების მიზნად “გარკვეული შემთხვევებია” მითითებული. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება არ წარმართულა ღიად და ამ პროცესში სათანადო მონაწილეობა არ მიუღიათ შესაბამისი დარგის გამოცდილ ექსპერტებს და სპეციალისტებს. შესაბამისად, კანონპროექტთან დაკავშირებით არც დადებითი დასკვნა არსებობს. მიგვაჩნია, რომ ამ ნორმის შემოტანამ, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მითუმეტეს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არაერთი ისეთი პრობლემური ნორმაა, რომელიც ისედაც სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან მიმართებაში. ამასთან, გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ბოლო წლებში, რეაბილიტაცია რესტავრაციის სახელით, ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვის ფონზე არაერთი მაღალი კულტურული ღირებულების მქონე ძეგლი განადგურდა. პარალელურად ძეგლების ნაწილმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი შესაძლებელია იგივე მოვლენები ამჯერად უკვე კანონის სახელით განხორციელდეს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ძალაში დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული საკანონმდებლო ნორმა და მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის ძალითაც შესაძლებელი ხდება, რომ “განსაკუთრებული შემთხვევების” სახელით ე.წ. “სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას”, ძეგლს სტატუსის მოეხსნას,” _ აცხადებენ არასამთავრობოები.
არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ეს ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის გაქრობისკენ და დასახიჩრებისკენ არის მიმართული.
“დამღუპველი იქნება ეს კანონი თუ დამტკიცდა. რა თქმა უნდა, პირველი რაც აზრად მომდის ეს არის აღმაშენებლის გამზირზე მიხეილის საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე შენობისგან შედგება და ძალიან დიდი ღირებულება აქვს. სიმბოლური, არქიტექტურული, ისტორიული მნიშვნელობაც. ყველანაირად გადასარჩენი ფასეულობაა, მაგრამ ვიცი, რომ პრობლემა შეექმნათ ამ შენობების დანგრევის. დაუნგრევლად ვერ ახორციელებენ თავიანთ გეგმებს. ერთ-ერთი საკვანძო ადგილი, რის გამოც ეს საკითხი დაიძრა, უსათუოდ ეს შენობები უნდა იყოს. ეს ცვლილება დამღუპველი იქნება არა მარტო თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ასევე ურბანული მემკვიდრეობისთვის და ცალკეული ძეგლებისთვისაც. სტატუსის მოხსნის უფლება მხოლოდ პროფესიონალს შეიძლება ჰქონდეს, როგორც სტატუსის მინიჭების უფლება. სპეციალისტებთან შეუთანხმებლად წარმოუდგენლად მიმაჩნია სამინისტროს მიერ ამ საქმეში ჩარევა და მათი ინიციატივის გამოჩენა. რაც შეეხება ცვლილების კავშირს ხუდონჰესის მშენებლობასთან, კონკრეტულად ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ბუნებრივი გარემოს დაცვაზეც რომ არ არის დიდი ზრუნვა, ესეც ფაქტია,” _ განუცხადა მანიამ “გურია ნიუსს”.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია კი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა არ უნდა იყოს და ეს გადაწყვეტილება სპეციალისტთა ჯგუფმა შესაბამისი შესწავლის საფუძველზე უნდა მიიღოს.
“კარგად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამას სათავისოდ არავინ გამოიყენებს. არის თბილისში სახლები, რომელსაც ეს სტატუსი აქვს მინიჭებული და ვერ არემონტებენ. რა თქმა უნდა, ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევაში ამ სტატუსის მოხსნა შესაძლებელია, თუ ის არ წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მემკვიდრეობას. თუმცა, ეს გადაწყვეტილებას აუცილებლად სპეციალურმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. ეს არ უნდა იყოს ერთპიროვნული, დირექტიული ტიპის გადაწყვეტილება და მით უმეტეს, სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილი. საბჭოში აუცილებლად უნდა შევიდნენ ურბანისტები და ქალაქის ისტორიის სპეციალისტები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ,” _ უთხრა ხოშტარიამ “გურია ნიუსს”.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ცვლილება ხუდონჰესის მშენებლობის საკითხსაც უკავშირდებოდეს.
“დანამდვილებით ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ უკავშირდებოდეს. თუმცა ვერაფერს გეტყვით,” _ აცხადებს ანჩაბაძე.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 5 ივლისს საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მოეხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი და მოძრავ ძეგლად გადაკეთდა. ეს გადაწყვეტილება კი 11-კაციანმა კომისიამ მიიღო, რომლის დასკვნასაც ხელი კომისიის ცხრა წევრმა მოაწერა.