როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი შენიშვნების დიდი ნაწილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოდექსზე მსჯელობისას გაითვალისწინა, თუმცა არის შენიშვნების ნაწილი დარჩენილი, რომელთა გაუთვალისწინებლობა მომავალში პრობლემებს შექმნის.
“ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” რეკომენდაციების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის სრულყოფისა და მართვის ოპტიმიზაციისათვის საჭიროა, მოხდეს თავითმმართველობების ბიუჯეტების ავტონომიზაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა; თანამდებობის პირთა მიმართ სანქციების გამკაცრება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯეროვნად არ მოახდენენ კანონით განსაზღვრულ ანგარიშგებას მოსახლეობასთან. ამასთან, მოხდეს რეგულაციების განსაზღვრა იმის შესახებ, თუ ვის წინაშეა სამხარეო საბჭო ანგარიშვალდებული.
როგორც შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ციმინტიამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის შემდეგ კოდექსში მთელი რიგი საკითხები მკვეთრად განისაზღვრა. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შეზღუდვის დაუშვებლობა და ზიანის მიყენების ანაზღაურება. ასევე, ტრანსფერების გამოყენების ზუსტი მიზნობრიობა, რაც მათ ეფექტიანობაზეა დაფუძნებული, ასევე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრინციპები და სხვ.
მისივე თქმით, სასურველია, საზოგადოებრივი საბჭოების და მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მნიშვნელოვანი პროფესიული გაზრდა და ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოსახლეობის რაოდენობის გარდა ზუსტად რა ფაქტორები განსაზღვრავს ქალაქს, უნდა გააჩნდეს თუ არა მას ურბანული მიზიდულობისა და განვითარების პოტენციალი.
“ამასთან, სასურველია, განისაზღვროს რა პრინციპით ხდება და ვინ ადგენს მუნიციპალიტეტის სახელწოდებას, ბუნდოვანია, რა მოტივაცია ექნება მოსახლეობას საზოგადოებრივი საბჭოების შექმნაში და მათ საქმიანობაში ჩართვაში. სასურველია, მკვეთრად გაიმიჯნოს რა უფლებები გააჩნია მუნიციპალიტეტთა გაერთიანებას და რა უშუალოდ მუნიციპალიტეტს, რომ არ მოხდეს საკითხების გადაფარვა. ასევე, კანონში არ არის რეგულაცია იმის შესახებ, ვის წინაშეა პასუხისმგებელი სამხარეო საბჭო. აუცილებელია, უფლებამოსილებების მაქსიმალური გამიჯვნა სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტს შორის. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ზუსტად უნდა გაიწეროს ის საკითხები, რაც მონიტორინგის განხორციელების არეალს და მეთოდოლოგიას შეეხება. ამასთან, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ საბჭოებში შეიძლება კორუფციის რისკები გაიზარდოს, რადგან გარიგებები მოხდეს მუნიციპალიტეტის წევრებსა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შორის და მათ ქონებები საკუთარ, პირად საჭიროებებს მოარგონ. დღეს აქ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტროსთვის უკვე ცნობილია და ნაწილზე პასუხი მივიღეთ. ვიცით, რომ ახლა, იმის გამო, რომ კოდექსი უკვე პარლამენტშია, მასში რაიმე ცვლილების შეტანა ძნელია, მაგრამ საკომიტეტო მოსმენებზე უნდა მოხდეს საკითხების დაზუსტება და ჩასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხები მომავალში პრობლემებს შექმნის,” _ განაცხადა ციმინტიამ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი. სავარაუდოდ, მისი საბოლოო დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე უნდა მოხდეს.
ახალი კოდექსის მიხედვით, რეფორმის ნაწილის გახორციელება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოესწროს, დანარჩენი ნაწილი კი, რამდენიმე წელზეა გათვლილი და ეტაპობრივ ცვლილებებს ითვალისწინებს.
თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარედ ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების – ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება.
გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან მუნიციპალიტეტების საკრებულოებს წევრები და ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარის/რეგიონის დონეზე.
როგორც რეფორმის ინიციატორები განმარტავენ, კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლების მცხოვრებთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.