საქართველოში გამძაფრდა კითხვა-იქონიებს თუ არა უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოზე გავლენს? ამ საკითხს ეხმიანებიან სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.
სწორედ ამ საკითხს შეეხო დღეს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და განაცხადა, რომ ყოველივე ამან შესაძლოა საქართველოსთვის დადებითი შედეგიც კი გამოიღოს.
“ის, რომ უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უკვე მეტყველებს რუსეთსა და ევროპის ჭიდილში რუსეთის გამარჯვებაზე. რა თქმა უნდა, ცუდია უკრაინის ეს სიტუაცია, რადგან იგი ჩვენი საკმაოდ ძლიერი პარტნიორია, უფრო ახლოს არის გეოგრაფიულად საქართველოსთან და მასთან ერთად უფრი ადვილი იქნებოდა ევროპისკენ სვლა, რადგან ის იყო ევროპისკენ მავალი ლოკომიტივი სხვა ვაგონებისთვის, მაგრამ შეიძლება ამ პროცესის განხორციელებით და უკრაინის ლოკომოტივის ჩამოხსნით, საქართველომ იკისროს ლოკომოტივის როლი და ევროპამ უფრო მეტი საწვავი ჩაგვისხას მისკენ მიმავალ გზაზე სწრაფად სავალად. ევროპამ უნდა დაინახოს ჩვენი სწრაფვა მისკენ და დააფასოს ყველა ის სირთულე, რისი გადალახვაც უწევს ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე. დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იმ ქვეყნების ხელშეწყობა, რომლებიც ისწრაფვიან ევროინტეგრაციისაკენ. ამ პროცესმა კიდევ ერთი რამ დაგვანახა, რუსეთი დარწმუნდა და შეეგუე, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შეარბილა აგრესიაც და ისტერიაც, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვხედავდით ამ გზაზე. იმის თქმა, რომ სოჭის ოლიმპიადის წინ რუსეთს სჭირდება სიმშვიდე და მხოლოდ ეს არის ამის მიზეზი არ იქნება სწორი, რადგან ამ საჭიროებას ხელი არ შეუშლია მისთვის უკრაინაზე ზეწოლისაკენ”
სესიაშვილმა აღნიშნა, რომ საკმაოდ დადებითი მუხტი მოდიოდა კარასინის განცხადებიდან, როცა მან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა შემხვედრი ნაბიჯები გადადგას საქართველოსკენ. დამაიმედებელია ისიც, რომ კარასინი ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე ალაპარაკდა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით თუ ასეთ პატივისცემის პროცესში გაიმართება დიალოგი, შედეგის მომტანი იქნება.
უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმას ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გამოეხმაურა და უარყოფითად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ ეს საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს.
“არის შანსი, რომ ბოლო მომენტში, ვილნიუსის სამიტზეც კი გადაწყდეს ეს საკითხი. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ უკრაინაც იყოს ამ ევროინტეგრაციულ პროცესში ჩართული, მაგრამ ჩვენ ჩვენივე გეგმით, ჩვენს წინაშე დასახული ამოცანებით რეალურად განვაგრძობთ გზას ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავებისკენ”.
ამავე საკითხს ეხმაურება “GRAS”–ის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია. მისი აზრით, უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოზე არ იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შევა რუსეთთან რაიმე არარეალისტურ თამაშებში.
“თავისთავად იმაზე, რომ ეს რუსეთის ზეწოლის შედეგია, არავინ დაობს, მაგრამ ეს ჩვენზე ნეგატიურად არ იმოქმედებს. ცუდია, რომ ჩვენი პარტნიორი ამ პროცესს დღეს მაინც გამოეთიშა, მაგრამ ეს ჩვენზე არ იმოქმედებს, თუ ჩვენი პოზიცია იქნება მყარი, თუ ჩვენ არ შევალთ რაიმე არარეალისტურ თანამშებში რუსეთთან”.
უკრაინაში კი საგანგებო ვიზიტით ევროკომისარი შტეფან ფულე ჩაფრინდა. ის ხელისუფლების წევრებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.