პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი, სოციალური აუდიტის ფარგლებში წელს ორ სახელმწიფო უწყებაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ექსპერტთა ანალიზი ხუთ ძირითად სფეროს მოიცავს: გენდერის საკითხები სტრუქტურული ერთეულის კონტექსტში, ქალთა ჩართვა პროგრამირებისა და განხორციელების ციკლში, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ასახვა საზოგადოებრივ იმიჯში, შესაბამისი რესურსის მოძიების გზები და სტრუქტურული ერთეულების შეხედულებების გათვალისწინება გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ.
პრეზენტაცია პარლამენტის წევრმა, ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და ყველა იმ ექსპერტს, ვინც მონაწილეობა მიიღო კვლევაში.
_ ქალთა უფლებების დაცულობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩართულობა სხვადასხვა სფეროში და ზოგადად ქალთა გააქტიურება არის კონკრეტულად ამ პროექტის და ჩვენი მიზანი. იმედი მაქვს რომ ეს კვლევა დაგვეხმარება გამოვავლინოთ როგორი ბალანსია ამ მხრივ პარლამენტში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში და შესაბამისად გავაღრმავოთ მუშაობა, რათა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტებით ხდებოდეს, – აღნიშნა მანანა კობახიძემ. პროგრამის მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლუზ ლოპეზ როდრიგესმა დეტალურად ისაუბრეს იმ საჭიროებებსა და სტრატეგიებზე, რაც შეიძლება გათვალისწინებული იქნას 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.