ჩხარტიშვილის განცხადებით, ის 15 დეკემბრამდე კიდევ ერთ აქციას გამართავს, სადაც აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის გადავადებას. აქცია 7 დეკემბერს 13:30 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აუცილებელია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ამ კომისიის მნიშვნელობა და აუცილებლობა კიდევ ერთხელ განემარტოს. მისი თქმით არ შეიძლება დროის დაკარგვა, თორემ წარსულში დაბრუნება გარდაუვალი იქნება.
“თუ საზოგადოება პროტესტს ახლა არ გამოთქვამს, სიტუაცია დაემსგავსება იმას, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოს მოქალაქეები. ხარვეზების შემსწავლელი კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას, რათა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალმა ხელისუფლებამაც არ მიბაძოს. სწორედ ამირომ ვუერთდებით 15 დეკემბერს დანიშნულ აქციას თბილისის პარლამენტთან. 7 დეკემბერს კი 13:30-ზე მოქალაქეებს ველით იუსტიციის სამინისტროსთან, რათა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ არ შევეგუებით სამართლიანობაზე უარის თქმას და სხვადასხვა გამოგონილი ფსევდომიზეზებით აღნიშნული პროცესის გადადებას”.
ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დროს წელავს და კოჰაბიტაცია სახელმწიფოს იდეოლოგიის დონეზე აჰყავს. მისი თქმით მოქალაქეთა უმრავლესობა უფლებააყრილი რჩება და “ქართული ოცნება” ცდილობს ყველას ამნეზია დამართოს.
“მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადების მცდელობა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან დროის გაწელვის ტაქტიკას წარმოადგენს. სამომავლოდ ეს ყოველივე შეიძლება დასრულდეს იმით, რომ კოაბიტაცია იქნეს სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე აყვანილი და შესაბამისად, მოქალაქეთა უმრავლესობა დარჩეს კვლავ უფლებააყრილი. სახელმწიფოს ხერხემალი უნდა იყოს სამართლიანობა. მის გარეშე მიღწეული ვერ იქნება პროგრესი ვერც ერთ სფეროში. “ქართულ ოცნებას” აქვს მცდელობა, საზოგადოებას მასობრივი ამნეზია შეჰყაროს და დაავიწყოს ის დანაშაულებები, რომელსაც წინამორბედი ხელისუფლება სჩადიოდა, ასევე წინასაარჩევნო დაპირებები”.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ არ მოხდა დამნაშავეთა დასჯა, არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, ხელისუფლება ვერ ასცდება “იმ ხიბლს, რომელშიც არის ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხოლო მოქალაქეები მისი მონები”. მისი განმარტებით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ არა შურისძიების გამო, არამედ იმიტომ, რომ მომავალში არ განმეორდეს დაშვებული შეცდომები.