აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
2013 წლის 3 დეკემბრიდან კომლზე გასაცემ საშეშე მერქანზე დაწესებულია ზღვარი -7 კუბური მეტრი; ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა 30 დღე;
2013 წლის 3 დეკემბრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ბილეთი ძალაშია 2014 წლის 1 მარტამდე; რაც შეეხება სამასალე მერქანს (I ხარისხის ხე-ტყე), მისი დამზადების ბილეთი აუცილებლად უნდა იყოს აღებული კალენდარული წლის დასრულებამდე (31 დეკემბრამდე).
გარემოს დაცვისა და ბუნბრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საშეშე მერქნის მოცულობა წინა წლებში მოსახლეობის მხრიდან არსებული მოთხოვნისა და რეალურად ათვისების შედეგების ანალიზის მიხედვით დადგინდა.
რაც შეეხება ბილეთის მოქმედების ვადას, 30 დღეს, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ესაა ოპტიმალური პერიოდი გამოყოფილი ტყეკაფების ეფექტურად ათვისებისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისათვის.
“თუ დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ მოხერხდა ხე-ტყის სრული მოცულობით ათვისება, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ შესაძლებელია ახალი ბილეთის აღება, რომელიც იგივე სახეობისა და შესაბამისი აუთვისებელი ოდენობის ხე-ტყის დამზადების საშუალებას იძლევა (შეიძლება შეიცვალოს ტყეკაფი). ცვლილებების უპირველესი მიზანია, საშეშე და სამასალე მერქნის სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა. საშეშე მერქანზე მოცულობის ლიმიტის არარსებობის გამო გარკვეულ ჯგუფს ან ერთ პიროვნებას შეეძლო მთლიანად შეესყიდა გამოყოფილი ტყეკაფი და შემდეგ განეხორციელებინა მერქნული რესურსის რეალიზაცია, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა საჭირო მერქნული რესურსის ლეგალურად მოპოვების საშუალება”, _ განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
მინისტრის თქმით, დაიხვეწა სამასალე მერქნის გაცემის პროცედურაც. წარსულში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის მიერ წარდგენილი მოთხოვნა სამასალე მერქანზე არ იყო გადამოწმებული და არ ასახავდა მოსახლეობის რეალურ საჭიროებას. ეს ფაქტი, თავის მხრივ, აფერხებდა სამინისტროს მიერ სამასალე მერქნის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. განხორციელებული ცვლილებებით, აღნიშნული ხარვეზები აღმოიფხვრა, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური მიზნებისათვის ხე-ტყის სამართლიან განაწილებას.