მალე დაიწყება რეგიონებში კომიტეტებისა და თავმჯდომარეების არჩევნები. ოზურგეთში რესპუბლიკური პარტიის რაიონული არჩევნები, სავარაუდოდ, ახალ წლამდე ჩატარდება. ოზურგეთში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ფუძემდებლები _ ტიფო მიქატაძე და მარინე სუნგულია პარტიას ტოვებენ და პოლიტიკიდან მიდიან, ოფიციალურად არ დასტურდება.
იმის შესახებ, თუ ვინ გახდება რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ვინ იყრის კენჭს აღნიშნულ თანამდებობაზე, “გურია ნიუსთან” კომენტარი რესპუბლიკური პარტიის წევრმა, მარინე სუნგულიამ გააკეთა: _ ტიფო მიქატაძე პარტიიდან წასვლას არ აპირებს. თუ რატომ გადაწყვიტა თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება, ამაზე თავად გაგცემთ პასუხს. თავმჯდომარეების ცვლა რესპუბლიკური პარტიისთვის ტრადიციაა. ჩვენ ძალიან მალე გვექნება პარტიის ადგილობრივი კომიტეტისა და თავმჯდომარის არჩევნები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვინ იქნება თავმჯდომარე. ალბათ, რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს და მათ შორის, მეც. მგონი, ამით გითხარით, ვაპირებ თუ არა პარტიიდან წასვლას.
_ ქალბატონო მარინე, ესე იგი, შესაძლებელია, აღნიშნული პოსტზე თქვენ გიხილოთ?
_ რა თქმა უნდა, თუ ამას პარტია გადაწყვეტს.