“ჩემი აზრით, საქართველოში გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებიც დაიწყებენ ამ ბნელი პროპაგანდის განხორციელებას. ეს იქნება გარედან მართული ძალები და ასევე ისინი, ვისაც გულწრფელად მიაჩნია, რომ ევროკავშირს, ისევ რუსეთი და ევრაზიული კავშირი სჯობს. ეს ძალები იქნება ეკლესიის გარკვეული ნაწილი და საზოგადოების სხვადასხვა წრეები. მათ შორის, სამწუხაროდ სტუდენტთა ნაწილიც. ამ ძალებს აუცილებლად ექნებათ ერთი პრობლემა – მათი იდეოლოგია არის წარსულის იდეოლოგია. მომავლის იდეოლოგია ეს არ არის, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად ატყუო ხალხი, რომ ევროკავშირში არიან ჰომოსექსუალები, ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება, რომ ეს არის სიცრუე. ასე რომ ეს პროპაგანდა იქნება დაფუძნებული სიცრუეზე, მაგრამ რაღაც დონეზე იმუშავებს, რადგან გარედან სერიოზული მხარდაჭერა ექნება”.
ექსპერტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ გაბედავს რუსეთთან დაახლოებას.
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელ ხალხში საბოლოოდ გაიღვიძა თვითმყოფადობამ და ნაციონალიზმმა, რადგან მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. აქამდე თუ უკრაინის მთავრობა ახერხებდა მანევრირებას დასავლეთსა და რუსეთს შორის, ახლა ეს უკვე აღარ გამოსდის. ჩვენ გვქონდა ერთი მეიდანი – ნარინჯისფერი რევოლუცია, რომელიც მიმართული იყო შიდა პრობლემებზე, ახლა კი მიზეზი არის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია”.
შარაშენიძის აზრით, საქართველოსთვის ცუდი სცენარი იქნება უკრაინაში არეულობის და არასტაბილურობის გაგრძელება.
“ჩვენ გვაწყობს უკრაინაში დალაგდეს სიტუაცია, არც ვადამდელ არჩევნებს გამოვრიცხავ, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს მთავრობა გატყდეს და საკმაოდ მალე მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ხელშეკრულებას. საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, ერთი აშკარაა – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაბედავს რუსეთთან დაახლოებას. რუსეთს მოუწევს მთელი ყურადღება უკრაინისკენ მიმართოს, რაც ჩვენ საქმეს გვიადვილებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში საქართველოს სჭირდება ძლიერი და ევროპისკენ მიმართული უკრაინა. ქაოსი უკრაინაში აწყობს პუტინს, რადგან თუ იქ არეულობა დიდხანს გასტანს, უფრო ადვილად მოიცლის ჩვენთვის, ამიტომ საჭიროა დალაგდეს ვითარება და მიღწეული იქნას კონსოლიდაცია”.
შარაშენიძე “ნაციონალური მოძრაობის” უკრაინაში ყოფნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვერავინ აუკრძალავს პარლამენტარს იქ ყოფნას, მაგრამ ამ ეტაპზე მკვეთრი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
“მკვეთრი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, რადგან ეს შეიძლება შეფასებული იქნას უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევად, არაოფიციალურად ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი პოზიცია”.
ექსპერტი ვერ ხედავს უკრაინაში რევოლუციის განვითარების შესაძლებლობას. მისი განცხადებით, რევოლუცია ერთადერთი შეიძლება აწყობდეს რუსეთს, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დარწმუნებული იქნება პრორუსული ძალის გამარჯვებაში, მაგრამ რუსეთს ასეთი ილუზია არ აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირი მერაბიშვილს არ განიხილავს ტიმოშენკოს ვარიანტად და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი ეტაპი არც დადგება, რადგან პარალელები ძალიან პირობითია მერაბიშვილისა და ტიმოშენკოს შორის.
“ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ წარიმართება მერაბიშვილის სასამართლო პროცესი, თუ ეს იქნება ნამდვილად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, არანაირი საფუძველი არ ექნება ევროკავშირს თქვას, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პარიმარია და ტიმოშენკოს ვარიანტი მეორდება საქართველოში”.
ექსპერტი შეეხო სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით დაანონსებულ აქციებს და აღნიშნა, რომ აქციების გამართვა მიუთითებს ქვეყანაში ლიბერალური გარემოს არსებობას და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.
“რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი თვითო ამ ლოზუნგს. რას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა? რომელი წლის სამართალი უნდა აღვადგინოთ? ჯერ გავარკვიოთ როდის იყო სამართლიანოდა და მერე დავიწყოთ უსამართლობის აღდგენა. ჩემი აზრით, ბოლო 20 წელი საქართველოში სამართლიანობა არ ყოფილა. სამართალი უნდა დავამყაროთ, მთავარი ესაა”.