“ჩვენ ვემხრობით გამგებლების, მერების პირდაპირი წესით არჩევას, თვითმმართველი ერთეულების გაჩენას, მაგრამ ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის სახით შემოგვთავაზა ადგილობრივი თვითმმართველობის სუროგატი. მუნიციპალიტეტების დონეზე მართლაც არის შემოთავაზებული თვითმმართველობა, მაგარმ ქვედა დონეზე, ზედა დონეზე თვითმმართველობას ლაგამი აქვს ამოდებული. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული გუბერნატორი, რომელსაც უფართოვდება უფლებამოსილება, ნამდვილად არ არის თვითმმართველობა. ეს არის მმართველობა, რომელსაც კოალიციაში შემავალი პარტიები თავის დროზე უცხადებდნენ ბრძოლას. ერთის მხრივ გვთავაზობენ იყოს პრემიერის მიერ დანიშნული გუბერნატორი და მის პარალელურად არსებობდეს გუბერნატორთა საბჭო, რომელსაც აქვს მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც იღებს დანიშნული გუბერნატორი, აი, სწორედ ამით ვარდება პროექტი”.
მანანა ნაჭყებია აცხადებს, პროექტი ფინანსური კუთხითაც ჩავარდება, რადგან პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა მხოლოდ 2015 წლისათვისაა გათვალისწინებული.
“კი ბატონო, შევთანხმდით, მივიღეთ კანონი, მაგრამ ფინანსთა მინისტრი არ აპირებს შემოსავალი გაუშვას თვითმმართველობებში, იმიტომ, რომ ბიუჯეტი ჩაუვარდება. მაშინ რა ვქნათ, შევცვალოთ კანონმდებლობა?”
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის შიდა კონსტიტუცია და რეგიონალური მოწყობა ეხება ყველას, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი აცხადებს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დაარღვიოს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აღმართული “ყრუ კედელი” და გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რომელიც ოპოზიციას აქვს.
“ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის “ყრუ კედელია” აღმართული და მმართველი გუნდი ოპოზიციას ისე აღიქვამს, როგორც მტრის ხატს. ამგვარი ურთიერთობის დარღვევა აუცილებელია იმის გათვალისწინებით, როცა საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე. ვერა და ვერ იქნა მიღწეული, რომ ოპოზიციაში ვერ დაინახონ მტრის ხატი”.
მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ოპოზიცია მთავრობას სთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე ინტერპარტიულ ფორმატს, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური სუბიექტები. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ ჩართულები პროექტის მომზადების ეტაპზე, რადგან ის შემუშავდა კაბინეტში. მისი განცხადებით აუცილებელია “ძირითადი მოთამაშეების” ჩართვა განხილვებში. აქვე მანანა ნაჭყებიამ გააჭღერა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მთავრობისადმი.
“არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტზე მუშაობისას პროცესში ჩართული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რაც მთავარია, ოპოზიციული პარტიები”.
დღესვე დავით ნარმანია გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესახებ გამოთქმულ შენიშვნებზე კონსულტაციები გრძელდება. მისი განცხადებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ამ საკითხებთან მიმართებაში, წინასაარჩევნო პროგრამებში მომხრენი იყვნენ თვითმმართველობის რეფორმის ამ ფორმით გატარებისა.
-„ამ მიმართულებით რეფორმა თავის დროზე სწორედ ოპოზიციის იმ ნაწილის მოთხოვნა იყო, რომელიც დღეს ახალი კოდექსის პროექტით უკმაყოფილოა. მათი უსაფუძვლო კრიტიკა მიუღებელია. ზოგიერთი ნორმა იქნა დაკორექტირებული, აქედან გამომდინარე, ეს საკითხები, რასაც ისინი სვამენ, დიდწილად ანულირებულია. ხოლო რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად მათი გათვალისწინება და თუ რატომ, პასუხიც არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი“.