“10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს, 65 წლის წინ, 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შეიქმნა დოკუმენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეიცავდა საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. დეკლარაციის მიღების მომენტიდან კაცობრიობამ მიიღო გაცილებით მეტი ვიდრე დოკუმენტი – მან დაადასტურა უფლება იყოს თავისუფალი, იცხოვროს ძალადობის, დისკრიმინაციისა და ომების გარეშე.
მიუხედავად ამისა სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მაინც ხშირია, ხოლო ცივილიზებული მსოფლიოს შეფასებები და რეაგირება უმრავლეს შემთხვევაში არაერთგვაროვანი. მთავარი პრობლემა კი ორმაგი სტანდარტია, რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ნორმად იქცა.
აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოს მიდგომა შეფასებებში შეიცვალოს, ვინაიდან ორმაგი სტანდარტი და პრობლემების სუბიექტური ხედვა პირველ რიგში სწორედ ცივილიზებული სამყაროს დემოკრატიებს უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს.
“დემოკრატიულმა მოძრაობამ”, ჩვენი პარტიის წევრებმა, პარტიის დაარსების დღიდან, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნისა და დისკრედიტაციის ყველა გამოვლინება. „დემოკრატიული მოძრაობის” ასობით წევრი და მხარდამჭერი სააკაშვილის რეჟიმმა პოლიტიკურ პატიმრად აქცია. განსხვავებული აზრისა და შეურიგებლობის გამო განსაკუთრებული საჩვენებელი სისასტიკით გაუსწორდნენ არაერთ ადამიანს.
მიუხედავად დამნაშავე რეჟიმის შეცვლისა, სამართლიანობა არ აღდგენილა. კიდევ ერთხელ მინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ეხლა მაინც სრულიად საქართველო, თვითოეული ჩვენგანი სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვეოდა, აბსოლიტურად სოლიდარულნი ვიქნებით იმ მოთხოვნაში, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ არამხოლოდ შემსრულებლები, არამედ ხელისუფლების ის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში მმართველობის მახინჯი, ძალადობრივი სისტემა ჩამოაყალიბეს.
“დემოკრატიული მოძრაობა” დარწმუნებულია, რომ მიზანმიმართული ბრძოლის შედეგად ქართველი ხალხი აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ იცხოვროს რეალურად თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების არა დარღვევა, არამედ პატივისცემა და დაცვა იქცევა ნორმად.
ამისათვის კი აუცილებელია ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი და სამუდამოდ დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ”, _ აღნიშნულია განცხადებაში.