“საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, თითქოს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში ხდება მოხელეთა მასიური დათხოვნა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეორგანიზაციას მხოლოდ 9 ადამიანის გათავისუფლება მოჰყვა. სექტემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელმაც საზოგადოების დაკვეთით შეიმუშავა სტრატეგია, რომლის თანახმადაც ხდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია. რიგ უწყებებში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ყველა მოხელე გაფრთხილებულია საჯარო სამსახურის კანონის თანახმად მიმდინარეობს მათთვის სხვადასხვა თანამდებობების შეთავაზება, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი პოტენციალის გამოყენება და არ დარჩნენ სამსახურის გარეშე. აფხაზეთის მთავრობა ცდილობს დევნილთა მაქსიმალურ დასაქმებას. გაფორმდა მემორანდუმები მთელ რიგ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებთან, იმ უწყებებში, სადაც მოხდა რეორგანიზაცია კონკურსის წესით მიიღებიან ახალი თანამშრომლები. მაქსიმალურად ვცდილობთ ხალხი არ იქნეს დათვოხილი სამსახურიდან, რეორგანიზაცია, თუ ის არ ითვალისწინებს რაღაც პოსტის გაუქმებას, არ ქმნის გათავისუფლების საფუძველს, გათავისუფლებული ადამიანი იღებს შესაბამის კონპესაციას და ამავე დროს აქვს უფლება კონკურსში მონაწილეობის”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ ვასილ ხორავას განცხადებით, მას შემდეგ რაც გაერთიანდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ნამდვილად დაიწყება ცვლილებები კადრების ოპტიმიზაციისთვის. მისი თქმით შტატები საკმაოდ გაბერილია და საჭიროებს რეორგანიზაციას.
“სტრუქტურას სჭირდება ახალი კადრები ახალი ნაბიჯებისთვის. სამი კვირის წინ გაფორმდა მემორანდუმი კომერციულ ბანკთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ წლის განმავლობაში 50-დან 100 ჩვენს მიერ რეკომენდირებულ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტს კონკურსის გავლის შემდეგ დაასაქმებს. ეს საკმაოდ მისასალმებელია, რადგან ასი დასაქმებული ადამიანი ასი ოჯახის წარმომადგენელია”.
აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ სულ მალე ჩამოყალიბდება საინვესტიციო ფონდი, მოხდება მისი პრეზენტაცია და ეს ფონდიც მიმართული იქნება დევნილთა დასაქმებისკენ. ფონდი ასევე იზრუნებს დევნილთა სოციალურ საკითხებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ფონდის მუშაობაში ჩართული იქნებიან როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.
“ჩვენთან კადრების ოპტიმიზაცია იმ კუთხით ხდება, რომ მოხდეს სიახლეების დანერგვა. ჩვენი დევიზია:-აფხაზეთის მთავრობის არსებობა უნდა იყოს გამართლებული და ნამდვილად ზრუნავდეს დევნილებზე”.
მინისტრი იქვე აღნიშნავს, რომ კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე არ არის დამოკიდებული აფხაზეთის მთავრობაზე, კონკურსი ჩვეულებრივად ცხადდება საჯარო სამსახურების საიტზე, რომელიც ავტომატურად ცხრილავს მონაწილეებს. კომისიის შემადგენლობაში შედის მინისტრის ორი მოადგილე, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფკავშირების წარმომადგენელი და კონკურსის მიმდინარეობას იღებს კამერა პირდაპირი ჩვენების რეჟიმში.
პირველი უწყება, რომელშიც ჩატარდა რეორგანიზაცია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროა. მოხდა რამდენიმე დეპარტამენტის შერწყმა, რამაც გამოიწვია საშტატო ნუსხების გაუქმება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აცხადებს, სწორედ ამ შერწყმამ გამოიწვია 9 თანამშრომლის დათხოვა უწყებიდან.
“თანამშრომელთა გათავისუფლება შტატების გაუქმების შედეგად მოხდა. არანაირი პირადი ინტერესი ამაში არ ყოფილა, თითოეული მათგანი ინფორმირებული იყო, მათ იცოდნენ რეორგანიზაციის შესახებ. ახლა უკვე, ახალი დეპარტამენტი როცა გამოაცხადებს კონკურსს, მათ ისევ შეეძლებათ მონაწილეობის მიღება”.
კიდევ ერთი ახალი უწყება, რომელიც შეიქმნა აფხაზეთის სტრუქტურებში არის სამოქალაქო თანხმობის სამინისტრო. როგორც მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ლელა გულედანი ამბობს, ცვლილებების პროცესს დიდი ხანია ელის დევნილი საზოგადოება, რადგან აფხაზეთის მთავრობას რეალურად უნდა მიენიჭოს ფუნქცია და გახდეს ოპტიმალური, რათა შეძლოს დევნილთა პრობლემების მოგვარება.
“ოპტიმიზაციას ყოველთვის თან ახლავს საშტატო ერთეულების შემცირება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ და ნამდვილად ყველაფერი კეთდება ამისთვის. კონკურსი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოხდება კანონის ფარგლებში. გაცემული იქნება ორი თვის კონპენსაცია და შეეძლება კონკურსში მონაწილეობის უფლება. მთავარია აფხაზეთის სამინისტრომ თავისი არსებობა გაამართლოს, ამიტომ საჭიროა ცვლილებები და ახალი ნაბიჯების გადადგმა”.