“მირზა გიგლემიანთან შესახვედრად გამოვწერე ორდენი და როგორც ადვოკატი ისე ვიყავი მისული. იქ დამხვდა ჩემი ოთხი კოლეგა, რომლებმაც მითხრეს, რომ პატიმართან შესახვედრი ორივე ოთახი დაკავებულია და ველოდებითო. ერთი ოთახი რომ ნამდვილად დაკავებული იყო, ამაში დარწმუნებულები იყვნენ, ხოლო მეორე ოთახზე ეჭვობდნენ. მერე მოვიდა პატიმრის და და პროტესტი გამოხატა. ადვოკატებს გვარწმუნებდნენ, მეორე ოთახში სახალხო დამცველის წარმომადგენელია და პატიმრებს ესაუბრებაო. მე დავურეკე უჩა ნანუაშვილს, რომელმაც დამიდასტურა ინფორმაცია, მაგრამ ოთახიდან გამოსული არავინ გვინახავს. ისევ დავურეკე ნანუაშვილს, რომელმაც ისევ დამიდასტურა ინფორმაცია და მითხრა, რომ მის წარმომადგენლებს აქვთ ულიმიტო შესვლები, ამიტომ საუბარი შესაძლოა ღამემდეც კი გაგრძელდესო. მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო მის სიტყვებს. ის, რომ სუბარმა გადააყენა სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების დირექტორი, ძალიან კარგი და მისასალმებელია.”
ადვოკატმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა.
“ათეულობით ადამიანი შიმშილობს. პატიმრები მოითხოვენ, არ გადაიდოს ამ კომისიის შექმნა და მიღებული იქნას კანონი. სრულიად აბსურდულია გადავადების ის მიზეზი, რაც დაასახელეს. ეს კომისია რომც შეიქმნას, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ყველა იმ ათასობით პატიმრის საქმეში აღმოაჩენენ ხარვეზებს, ვისაც თავი უდანაშაულოდ მიაჩნია. ხშირ შემთხვევაში საქმეები ისეა შეკერილი, ხარვეზებს ფორმალური სახით უბრალოდ ვერ აღმოაჩენენ”.
გელა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ თუ სამართლიანობის აღდგენისთვის არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და არ იქნება გათვალისწინებული ხალხის მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
“ხალხმა ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აირჩია. თუ ხელისუფლება სამართლიანობას არ აღდგენს, მაშინ ეს სხვა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აუცილებლად დადგება”.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მოკვლევა ადვოკატ ირმა ბერიკაშვილის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი სცემეს. სამინისტროს ინფორმაციით, თუ ცემის ფაქტი დადასტურდება, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ.