როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, კომისია 150 პატიმრის განცხადებას განიხილავს, მან ასევე აღნიშნა, რომ კომისია არ განიხილავს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის განცხადებას, რადგან ის არ იმყოფება საქართველოში.
“კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდება რომელ პატიმრებს შეეხებათ შეწყალება. ამის შემდეგ სიას გადავუგზავნით პრეზიდენტს და ის მოაწერს ხელს. პრეზიდენტის სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს პატიმრების შეწყალება. შეწყალების პირველი ეტაპი იქნება საახალწლოდ, ხოლო მეორე ეტაპი – საშობაოდ. რაც შეეხება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის განცხადებას, რომლითაც მან წინა კვირას მიმართა კომისიას, არ განიხილება, რადგან დებულებაში გვიწერია, რომ მხოლოდ იმ პირების საქმეებს განვიხილავთ, რომლებიც სასჯელს საქართველოში იხდიან. ძებნილების საქმეებზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, მათ შეუძლიათ უშუალოდ პრეზიდენტს მიმართონ”, _ ამბობს ელისაშვილი.
შეწყალების თემაზე დღეს საკუთარი აზრი გამოთქვა და პრეზიდენტს ერთჯერადი შეწყალების აქტის განხორციელება შესთავაზა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა, მისი განცხადებით შეწყალების ეს ფორმა უვადო პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებზე უნდა იქნეს განხორციელებული.
“უვადო თავისუფლება აღკვეთილ 83 პატიმარს, რომელთა შორის 3 ქალია, ფორმალურად მოაკლეს ¼, მაგრამ დაუტოვეს ისევ უვადო პატიმრობა. ეს ცინიზმია! ჩვენ ვთავაზობთ შეწყალების კომისიას ათვლის წერტილი იყოს 25 წელი და აქედან მოაკლდეთ ის ¼. ვთავაზობთ პრეზიდენტს, როგორც შევარდანაძემ 1995 წელს ერთჯერადი აქტით შეიწყალა 53 სიკვდილმისჯილი, ასევე უვადო თავისუფლებააღკვეთილები შეიწყალოს და შეუცვალოს 20 ან 25-წლიანი პატიმრობით. სამართლიანობის აღდგენის გზაზე ეს იქნება პროგრესულად გადადგმული ნაბიჯი”.