_ ვინაიდან ფუფუნება ბიუჯეტის ხარჯზე საკმაოდ გავრცელებულ სენად იქცა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, არ მოცდებოდა რომელიმე ერთი ჩინოვნიკის ლანძღვაში-დაცინვაში და რადგან მთავრობამ დღემდე ვერ თუ არ დაადგინა, რომელი მოხელე როგორი მანქანით უნდა დადიოდეს, (რითაც ბევრი ბოროტად სარგებლობს), თავად მოქალაქეები დაიწყებდნენ თვითორგანიზებას, შექმნიდნენ დიდ ჯგუფს, განიხილავდნენ წინადადებებს, თავად შემუშავებდნენ პროექტს სახელმწიფო მოხელეების ავტომანქანებით და მძღოლებით უზრუნველყოფის შესახებ, წარუდგენდნენ მთავრობას და ბოლომდე მიჰყვებოდნენ ამ საქმეს.
მაგალითად ისლანდიაში რიგითმა მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლეს თვითორგანიზება, ფეისბუკის მეშვეობით შეიმუშავეს ქვეყნის კონსტიტუცია და დაამტკიცებინეს პარლამენტს.
თუმცა, ასე ისლანდიაში ცხოვრობენ და ჩვენ, რასაკვირველია, სრული უფლება გვაქვს, თვითორგანიზების ნაცვლად თვითგვემა განვაგრძოთ და ვიქილიკოთ, რომ მაინც არაფერი გამოგვივა. არადა, ლავუაზიეს კანონი ამბობს, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოება თუნდაც ჩინოვნიკების მანქანების პრობლემის მოგვარებას შეძლებდა, ამით ხელისუფლებას ბევრად უფრო ანგარიშვალდებულს გახდიდა, _ აღნიშნავს მაღლაფერიძე.