“პატიმართა უმრავლესობის მიმართ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა უკანონო განაჩენის გამოტანა და ზოგი მათგანი აბსოლუტურად უდანაშაულოც კია, მაგრამ მოთხოვნების ნაწილში ჩნდება ისეთი მუხლები, რომლებიც ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია. მათი გაუქმება არ მიმაჩნია სწორად. ქურდული სამყარო და ქურდული წესებით ქვეყნის მართვა და მასზე ზეგავლენა არ არის სწორი, ამიტომ ამ მუხლის ამოღება არა მგონია, 1000 პატიმარს ერთდროულად მოეფიქრებინა, უფრო მეტიც, ცოტა არ იყოს ზედმეტია. ვფიქრობ, ციხეებში ორგანიზებული მასიური შიმშილობა გარედან არის მართული”.
სესიაშვილი აცხადებს, რომ ამ მუხლთან მიმართებაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესი კმაყოფილდება, რასაც ლოგიკურად მართვად პროცესებამდე მივყევართ.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ფიქრობს, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს თემის წამოწევით სასჯელაღსრულების სამინისტრო ცდილობს არსებული პრობლემების გადაფარვას.
“დამეთანხმებით, რომ ცუდად ხვდება ყურს და უარყოფით რეაქციას იწვევს სასჯელარსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშრებული საკითხი, თითქოს მოშიმშილე პატიმართა ერთი ნაწილი ქურდული სამყაროს წევრობის მუხლის გაუქმებას ითხოვს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ამ საკითხით გადაიფაროს ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც რეალურად არსებობს”.
ლორთქიფანიძემ დღეს განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკმაოდ მწვავედ დგას მედიკამენტების პრობლემა.
“ქსნის N19 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც მოთავსებულნი არიან ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები, ჩემთან რეკავენ და ყველა ერთი და იგივე პრობლემას უჩივის. მათი თქმით, არასრულფასოვანი მედიკამენტოზური მკურნალობის გამო არ ხდება ტუბერკულოზის იმ ფორმის განკურნება, რომელიც მათ აქვთ, რის გამოც მათი დაავადება უკურნებელ ფორმაში გადადის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც პატიმრები უჩივიან”.
უფლებადამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ უმჯობესი იქნება მედიკამენტების პრობლემა გადაწყვიტოს, ვიდრე წინა პლანზე სხვა საკითხები იყოს წამოწეული.