ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღე: მერიისგან ვითხოვთ ზუსტად იმას, რასაც საკრებულოსგან და სამინისტროსგან, შეწყდეს თბილისში ხეების მოჭრა! მერის გუშინდელი უფლებამოსილების მოხსნა ძალიან ცუდად დაემთხვა ჩვენს ამ აქციას. მე რომ ვყოფილიყავი რიგითი პარტიზანი, შეიძლებოდა არც მოვსულიყავი, იმიტომ, რომ დავარდნილს აღარ ურტყამენ. ეს შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკოსებმა, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად აპარტიულები ვართ. მერიისგან ვითხოვთ, შეხვდეს საკრებულოს, გადახედონ კანონმდებლობას და ეს ყველაფერი აღარ იყოს დაშვებული! მიზანი ერთია, გამოსწორდეს კანონმდებლობა. თითოეული ობიექტის სამოქალაქო აქტივიზმით დაცვა რომ აღარ დაგვჭირდეს.
აქციაზე მოსული მოქალაქეები თბილისში არსებულ გაუსაძლის ეკოლოგიურ გარემოზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
მაიკო მანიჟაშვილი: ბარათაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ. ჩვენი უბანი ყველაზე კარგად გამწვანებული იყო. რა უქნეს, ვერ გეტყვით. ასობით ძირი ხე არის მოჭრილი. მას შემდეგ დავიწყეთ ვაკის პარკში სიარული სასეირნოდ. ახლა ვაკის პარკს მიადგნენ. სიტყვებიც არ მყოფნის, რომ ჩემი აღშფოთება გამოვხატო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა თბილისში. ამ 7- 8 წლის განმავლობაში მოიჭრა ასობით ხე. ბალახები და ეფემერული ყვავილები დაირგა მათ ნაცვლად. მე არ მესმის, მთავრობა და გარემოს დაცვის სამინისტრო რას აკეთებს!
თამარ ქადაგიძე: ვცხოვრობ ვაკის აუზთან. ნებართვა როგორ უნდა გასცეს მერიის გამწვანების სამსახურმა იმაზე, რომ ხე, ან ბუჩქი მოიჭრას! რატომ უნდა აშენდეს იქ რამე. უამრავი თავისუფალი ადგილია, წავიდნენ და სხვაგან ააშენონ. სადაც უკვე არის დარგული ხეები, იქ რატომ ჭრიან? ხომ ხედავთ, 2 ხის მოჭრას რა მოჰყვა თურქეთში. ისეთი აქციები უნდა ამათ? სასტუმრო “ბუდაპეშტის” ტერიტორია ადრე დაუსახლებელი იყო და იქ ხეები დარგეს. ახლა ამათ უნდათ ის ხეები მოჭრან? ვერ გავიგე, თვითონ დარგეს? ჩვენ არ შევეშვებით. იმის უფლებასაც გვართმევენ, რომ ვისუნთქოთ!”
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მერიის გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი გამოვიდა, რომელმაც მოლაპარაკებებზე მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი მაინც რთულად მოგვარებადია.
ჩვენს კითხვაზე, მოსახლეობის საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც მიმართულია თბილისში ხეების ჭრის და ბაღ-პარკების განადგურების წინააღმდეგ, რამდენად სწორია, მერიის მხრიდან ისევ მსგავსი ნებართვების გაცემა, ქორქაშვილი გვპასუხობს: “გასაგებია, მაგრამ მეორე მხრიდანაც არსებობს კანონიერი მოთხოვნა. შესაბამისად, კერძო მფლობელს აქვს ამის მოთხოვნის უფლება და მოითხოვა კიდეც. გადაიხადა კანონით გათვალისწინებული ღირებულება. ამ გაცემულ ნებართვას თუ არ ეთანხმება ვინმე, არსებობს სასამართლო და შეუძლიათ გასაჩივრება. ეს პროექტი ვერ განხორციელდება სხვანაირად. ტექნიკურად არის შეუძლებელი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს არ არის ვაკის პარკი, არის ყოფილი “ბუდაპეშტის” ტერიტორია. ზუსტად ვიცით ვაკის პარკის საზღვრები. ადრე რა იყო, არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი საზღვრებით “ბუდაპეშტის“ ტერიტორია არ ეკუთვნის ვაკის პარკს. ვაკის პარკში არანაირი ზიანის მიყენება არ იგეგმება გარემოზე. რეკონსტრუქცია ხდება პროექტის მიხედვით. არანაირი ხე ვაკის პარკში არ იჭრება”.
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს არ ეთანხმება ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე.
“შუა პარკში 7 სართულიან შენობას აშენებენ. ნანახი მაქვს ამ სასტუმროს პროექტი, რომელსაც პარკისთვის შეუთავსებელი თვისებები აქვს. ეს პროექტი საჯარო ინფორმაციაა, ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივისტმა მოიძია. სრულიად წარმოუდგენელია ვაკის პარკში, სადაც დედები ბავშვებს ასეირნებენ, დადიან პენსიონერები, მსგავსი ნაგებობის ჩადგმა”, _ აცხადებს ის.
ზურაბ ბაქრაძე ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ამას უპირველესად თბილისის განვითარების ძირითადი დოკუმენტის უფუნქციონირობით ხსნის.
“ქალაქს აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც არის ქალაქის განვითარების ძირითადი დოკუმენტი. ის არ არის ძალიან კარგი, მაგრამ რომ ფუნქციონირებდეს, უკვე ქალაქში წესრიგი იქნება. რადგან ასეთი მოწესრიგებული დოკუმენტი არ უნდოდათ, თან ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შეძლებოდათ რამის აშენება, ადგნენ და შექმნეს საბჭო, რომელსაც მოკლედ ზონალური საბჭო დაარქვეს და ამ საბჭოს მიანიჭეს გენერალური გეგმის ცვლილების უფლება ყოველი სამშენებლო ობიიქტისთვის. მაგალითად, თუ ადამიანი ფლობს ვაკის პარკთან ტერიტორიას, ანუ რეკრეაციულ ზონაში და იქ უნდა მშენებლობის წამოწყება, მას უფლება აქვს ამ საბჭოში შეიტანოს განაცხადი და მოითხოვოს ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის ჩამორთმევა. დაჯდება ეს კომისია, გადაწყვეტს, რომ ამის უფლება გაქვს. გაგზავნის ამას საკრებულოში, საკრებულოც გაატარებს და აღმოჩნდება რომ სარეკრეაციო ზონა საცხოვრებელ ზონად გადაკეთდება და რასაც გინდა, იმას ააშენებ”.
ბაქრაძის თქმით, ყოფილი “ბუდაპეშტის” ტერიტორიის შემთხვევაში ზონალური საბჭო არ დასჭირვებიათ, რადგან კანონში უკვე იყო ისეთი ცვლილება შეტანილი, რაც რეკრეაციულ ზონა 2-ში სასტუმროს მშენებლობას უშვებდა.
სიტუაციიდან გამოსავალს ქალაქმგეგმარებელი თვითნებური ზონალური საბჭოს საერთოდ გაქრობაში და მორატორიუმის გამოცხადებაში ხედავს.
“ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საკრებულომ გამოაცხადოს მორატორიუმი ასეთ ადგილებში მშენებლობაზე. მანამდე კი უნდა გაჩერდეს მშენებლობა. ამას მოჰყვება სასამართლო დავები. კერძო პირი სასამართლოში, ალბათ, შეიტანს სარჩელს, მაგრამ კოჭებში ისე ეტყობა, რომ ჩივილს ვერ გაბედავს, თუ დაინახავს პოლიტიკურ ნებას საკრებულოს მხრიდან”, _ ამბობს ბაქრაძე.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების სამომავლო გეგმებს, ისინი რეკრეაცილი ზონების დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით არაერთი შეხვედრის, თუ აქციის გამართვას აპირებენ.