ალექსანდრე ტაბატაძე დაიბადა 1969 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სამსახურებრივი კარიერა შს სამინისტროს ოპერატიული მუშაკის საქმიანობით დაიწყო; იყო შსს ორგანიზებული დამნაშავეობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ორგანიზებული შეიარაღებული დამნაშავეობის, ბანდიტიზმის, პროფესიონალური გამოძალვისა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების პროფესიონალური გამოძალვის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების; ორგანიზებული დამნაშავეობის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამოძალვის მიზნით ადამიანის გამტაცებელთა წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი; შემდეგ კი ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს, სახელმწიფოთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
1996-2001 წლებში ალექსანდრე ტაბატაძე მუშაობდა ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ − უფროსად; ქ. თბილისის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის საბურთალოსა და ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.
2001-2004 წლებში იგი იყო ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი; 2004 წლიდან − შსს აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროსი.
2006 წლიდან ალექსანდრე ტაბატაძე აჭარაში აგრძელებს საქმიანობას.
2007-2008 წლებში ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
2012- 2013 წლებში ალექსანდრე ტაბატაძე შსს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო.
იუსტიციის სამინისტროში ალექსანდრე ტაბატაძე აღსრულების პოლიციის, აგრეთვე ადამიანის ტრაფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.