ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა არ არის ერთგვაროვანი, ის არის წარმოდგენილი 6 პარტიისგან და შესაბამისად რომელიმე კანდიდატი ნაწილს მოსწონს, ნაწილს -არა. მისი თქმით ერთ კანდიდატზე შეთანხმება არ არის მარტივი, მაგრამ მაუწყებლის საბჭოს წევრთა კანდიდატების შერჩევაში პოლიტიზაციის პროცესს ვერ ხედავს.
“არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თითქოს დრო არ ეყოთ საკუთარი კანდიდატურების წარსადგენად, ვერაფრით დავეთანხმები მათ, რადგან დრო სავსებით საკმარისი იყო, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, პარლამენტის ვებ-გვერდზეც იყო განცახდება გამოქვეყნებული და ყველა მსურველმა იცოდა გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ასე რომ ასეთი განცხადებები ნამდვილად უადგილოა და სიმართლეს მოკლებული. რაც შეეხება ახალი კონკურსის გამოცხადებას, ცხადდება მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებზეც არ იყო კანდიდატურები თავიდანვე წარმოდგენილი, სხვა დანარჩენ ვაკანსიებზე კი დაწყებული კონკურსი გრძელდება და როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, განხილვებიც დაიწყება”.
ხმალაძის განცხადებით, თუ ვერ შეირჩა კანდიდატურები, მაშინ გამოცხადდება მესამე ტური და თუ ამ ტურზეც დარჩა ვაკანსიები, ხელახალი კონკურსის გამოცხადება გახდება საჭირო. უმრავლესობის წარმომადგენელი არსებულ პროცესში ვერანაირ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ პარლამენტს არა აქვს ვალდებულება კომისიის წარდგენილი ყველა წევრი აირჩიოს.
“აქ ორი ძირითადი მოთამაშეა-კომისია და პარლამენტი. თუ კომისიამ არ წარადგინა რომელიმე კანდიდატი როგორ აირჩევს პარლამენტი. კომისიას შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა 27 კანდიდატზე მეტი, მაგრამ არა ნაკლები, რადგან ეს იყო ვალდებულება არ ყოფილიყო 27 კანდიდატზე ნაკლები. აი, ეს იყო ვალდებულება და არა ის, რომ კომისიის წარდგენილ ყველა კანდიდატს ხელი მოკიდოს პარლამენტმა და აუცილებლად აირჩიოს. რიცხვობრიობის ვალდებულების გარდა სხვა ვალდებულება არ არსებობს და არც არანაირ პოლიტიკურ გავლენას არ აქვს ადგილი”.