“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ ლევან ალაფიშვილის კომენტარს:
“თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა 31 მაისია, მანამდე 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები – რაც ნიშნავს, რომ 2014 წლის 1 აპრილისთვის კანონმდებლობაც გამზადებული უნდა იყოს და პრეზიდენტ-პრემიერის ბრძანებულებაც.
*თბილისის საბიუჯეტო-საარჩევნო დაპირისპირების კალენდარი კი ასეთია: სახელმწიფო ბიუჯეტი გასული წლის 11 დეკემბერს მიიღო პარლამენტმა, შესაბამისად თბილისის საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების 3 თვიანი ვადა 11 მარტს ეწურება. თუკი ბიუჯეტის მიღება ვერ მოესწრო, მაშინ საკრებულოს დათხოვნა და რიიგარეშეს დანიშვნა-ჩატარება 45 დღეში უნდა მოასწროს ცესკომ, ანუ 25 აპრილს თბილისს უკვე ახალი საკრებულო უნდა ჰყავდეს.
აქვე კანონების ამონარიდებიც: საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 73.1. “კ”. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
მუხლი 63. 1. “გ” საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
მუხლი 63. 2. საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
მუხლი 133.2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
მუხლი 133. 5. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.”