ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ ეზოში, ნასახლარზე, ხანძარს გადარჩენილი რკინის საქანელებია შემორჩენილი, თითქოს ერთ დროს ძლიერი ოჯახის სიმბოლოდ. ახლა ამ ეზოში პატარა სახლი დგას, რომლის დიასახლისი, თამარ შანიძე უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. მისი თქმით, სახლში წყალი ჩამოდის და ჯერჯერობით, დამხმარეც არავინ ჩანს.
შანიძეების ოჯახის ტრაგედია 25 წლის წინ დაიწყო.
“სახლი 1993 წელს დაგვეწვა, მაშინ არც საწვავი იყო, არც ტრანსპორტი და სახანძროს მოსვლამდე ჩვენი სახლი მთლიანად დაიწვა. აგურით ნაშენები სახლი იყო, მაგრამ შიგნითა ნაწილი მთლიანად _ ხის.
ამით არ დასრულებულა ჩემი ოჯახის უბედურება _ ორი წლის შემდეგ დაიწყო ის, რაც ბევრად მეტია სახლის დაწვაზე. ამ ტრაგედიამ გაანადგურა ჩვენი ოჯახი _ ჩვენს ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ჩემი შვილები _ 19 წლის შაკო და 20 წლის ალეკო უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს… შაკო 13 დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, _ გვიყვება თამარ შანიძე, რომელიც საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.
შვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა მეორე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მოახერხა კიდეც, თუმცა, სამი წლის შემდეგ მეორე შვილი მოუკლეს…
ამ ტრაგიკული ბედის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ძალიან უმძიმს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, დახმარების თხოვნა, თუმცა, სხვა გამოსავალიც აღარ დარჩა.
სახლი, რომელშიც ქალბატონი თამარი ცხოვრობს, ორი ოთახისგან შედგება. სახურავი მთლიანად უვარგისია, რის გამოც ჭერზე აკრული ხის მასალა დამპალია. დამპალია ფანჯრებიც, რომლის ნაწილზე პოლიეთილენის პარკებია მიმაგრებული:
“ფაქტობრივად, ტყუილად ახურავს შიფერი, წვიმაში წყალს ვერ იკავებს, რის გამოც ყველგან წყალი ჩამოდის. შუა ღამით რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა, თავიდან ყაჩაღები მეგონა. ჩემგან რა უნდა წაეღოთ, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. თურმე, ჭერზე აკრული “ლამინატი” ჩამოვარდნილა.
საწოლი სამზარეულოში გამოვიტანე, ზემოთ ბეტონია და წვიმა მარტო აქ არ ჩამოდის. არც გათბობა მაქვს, შეშის მოტანა მე არ შემიძლია. გაზქურას ვანთებ ხოლმე, გავთბები და მალევე ვრთავ, ბევრი რომ არ დამიწვას. შევწვები საწოლში და ვარ ასე. კედელზეც “ადეალა” მაქვს მიფარებული, რომ არ გავიყინო“, _ საკუთარი გასაჭირის მოყოლისას ოჯახის დიასახლისს თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის.
თამარ შანიძის თქმით, სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით შეუჩერეს, რის შემდეგაც მაღალი ქულა დაუფიქსირდა: “ერთი ქათამიც არ დადის ჩემს ეზოში, მეზობლის ხბოს თუ ჩემად ასაღებენ, არ ვიცი, აბა, ამ პირობებში როგორ მომცეს 77 ათასი ქულა?!”
თამარის თქმით, როცა ბოლო სტიქიის დროს ლანჩხუთში სახლები გადახურეს, ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა, მის სახლში წყალი სტიქიამდეც ჩამოდიოდა და ყურადღება არავის მიუქცევია:
“ამ სტიქიამდეც რომ ჩამომდიოდა სახლში წყალი, მომხედა ვინმემ?! შვილიშვილი რომ მოვა, სად უნდა დავაწვინო?! დავატარებ საწოლს იქეთ-აქეთ. ოთხი წლის პენსია მაქვს წინასწარ გამოტანილი, ყოველდღე გამაყუჩებელ წამალს ვსვამ. თავზე მაწვიმს. 200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას“, _ ამბობს ქალბატონი თამარი, რომლის სახლშიც მიუხედავად მძიმე ყოფითი პირობებისა საოცარი სისუფთავე სუფევს.
“გურია ნიუსი” თამარ შანიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ქალბატონს:
“ვიმყოფებოდით კიდეც ამ ქალბატონის ოჯახში, მერიც ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებთ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ მას“, _ გვითხრა კვიტაიშვილმა.