2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად გაუქმდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ყველა ის პოლიტიკური პარტია მოხვდება, რომელიც ე.წ. ბუნებრივ ბარიერს – დაახლოებით, 1%-ს გადალახავს. ამასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს აკეთებენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები. “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ფიქრობს, რომ უბარიერო სისტემის დაწესება სწორი გადაწყვეტილებაა
„ჩემი აზრით, უბარიერო სისტემა არის სწორი სისტემა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსები შევლენ პარლამენტში და არა აპარატშიკების მიერ დაწერილი ადამიანები სიაში. ეს ძალიან მაგარია, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ის ადამიანები იქნებიან, ვისაც ჯანსაღი კონკურენცია, იდეები აქვთ, კამათი შეუძლიათ და არა ის, ვინც ახლობლობით ჩავსვით სიაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია, მიიჩნევს, რომ ეს წინადადება ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის მისაღებია.
„რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა თუ იქნება, ეს შანსებს ზრდის პოლიტიკური ცხოვრებისათვის, გაძლიერებისათვის დემოკრატიის, მაგრამ საინტერესოა, რა იქნება ამაზე მიბმული. ამიტომ რომ არ შეიძლება, ცალკე კონტექსტში განვიხილოთუბარიერო პარლამენტი, ჩვენ უნდა განვიხილოთ სისტემასთან და სხვა მიმართულებით, რასაც გავიგებთ ალბათ ხელისუფლებისაგან,” – განაცხადა პაატა დავითაიამ.