ოზურგეთელი ახალგაზრდების ინიციატივით, ოზურგეთში ჩაის ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და გურიის გუბერნატორი დაესწრო.
"ჩაი მნიშვნელოვანი კულტურაა დასავლეთ საქართველოში. ძალიან კარგია, რამდენიმე ჩაის კომპანია მუშაობს და საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ. მივესალმები მსგავს ღონისძიებებს, სადაც ხდება ჩაის პოპულარიზაცია. "აწარმოე საქართველოში" ჩაის გადამუშავება არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ფინანსდება. ჩვენ გვინდა, რომ კერძო კომპანიების მიერ იყოს ამ მიმართულებაზე გარკვეული სამუშაო გაწეული და გვინდა სახელმწიფომ დავეხმაროთ და დავაფინანსოთ ახალი საწარმოები", _ განაცხადა ღონისძიებისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორი კი აცხადებს, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, შესაძლოა, მომავალ წელს გურიის ჩაის ფესტივალი ჩატარდეს.
"კარგი იქნება, თუ გამოგვეხმაურებიან ახალგაზრდები ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან, რადგან მომავალ წელს აუცილებლად ჩატარდეს გურიის ჩაის ფესტივალი", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ღონისძიების ორგანიზატორმა.
ღონისძიების მსვლელობის დროს ადამიანებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ოზურგეთში დამზადებული შავი და მწვანე ჩაი. ჩაის ფესტივალი მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა "ლურჯი იალქანი".