საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
მან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ "ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეკადრება".
დავით ნარმანიამ სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა:
"არჩევნების მეორე ტური, ისევე როგორც პირველი დემოკრატიული ფორმით ტარდება. დარწმუნებული ვარ იქნება გაკეთებული ისეთი ღირსეული არჩევანი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე, უკეთესი საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნაზე. არჩევანი გაკეთდება იმ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა, რომელმაც განვითარების დემოკრატიულ გზაზე დააყენა, რომელიც ზრუნავს ხალხზე და თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზე".
მერობის კანდიდატი ბიზნესმენების ინიციატივასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველამ ხელი შეუწყოს არჩევნებს. მისი თქმით, თუ დრო ექნება, აუცილებლად ესტუმრება აქციაში ჩართულ ობიექტებს და რაიმეს შეიძენს ოჯახისთვის.