დღეს, ლანჩხუთის #61 ოლქში შემავალი, სოფელ აცანის #08 საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატის ბორის ჭყონიას და “ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატის ზაზა ურუშაძის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე წუთის წინ, "გურია ნიუსს" საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აცანის #8 უბანზე გადასატან ყუთზე დაფიქსირდა ორი შემთხვევა – გადასატანი ყუთი მიიტანეს ორ ადამიანთან, რომელთაც პირადობის მოწმობები არ აღმოაჩნდათ სახლში, როცა იკითხეს, სად გაქვთო, უპასუხეს, რომ "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა წაიღო და უკან არ დაუბრუნებიაო.
აღნიშნული ინფორმაციები ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყვეს #61 საარჩევნო საოლქო კომისიაშიც.
"ამ ეტაპზე არც ჩვენთან და არც აცანის საარჩევნო უბანზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება", _ გვითხრა #61 საარჩევნო საოლქო კომისიის მდივანმა თამარ ბისიეშვილმა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აცანის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ თედორაძეს, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გამგებლობის კანდიდატს ბორის ჭყონიას უჭერს მხარს. სწორედ დილით აცანაში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს დეპუტატი ემზარ თედორაძე. თუმცა, თავად თედორაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაციები არ დაადასტურა.
ემზარ თედორაძე: ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ მომხდარა, მოსდევს ყველა არჩევნებს ასეთი ფაქტები. მოხდა პატარა ინციდენტი, იყო შეხლა-შემოხლა, ნასვამები თუ იყვნენ ვერ გეტყვით, ვინ იყო მოსული სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი, ხელის დარტყმა არ ყოფილა, ჩვენ მოვუწოდეთ სიმშვიდისაკენ და ისინიც წავიდნენ თავის გზაზე. რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, გეტყვით, კომისიის წევრს ჰქონდა წაღებული 8 პირადობა.
_ ვინ არის კომისიის წევრი, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ არა, ვერ გეტყვით, მაინც აცანელი კაცია, ჩემი სოფლელია და არ მინდა რა… გამიგეთ ალბათ რასაც გეუბნებით. ისე სხვათა შორის "ოცნებიდანაა".
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აცანის #08 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ია ჯიჯიეშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციები კატეგორიულად უარყო.
"ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. რაში გვჭირდება ჩვენ პირადობები, ეს გამორიცხულია."