ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი ირაკლი კუჭავა მუშაობას ორშაბათიდან შეუდგა.
ახალ გამგებელს, ჯერჯერობით, საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია, თუმცა, როგორც ცნობილია, საკრებულოდან რამდენიმე კადრს გამგეობაში გადმოიყვანს. მათ შორის არის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე, რომელიც კუჭავას მოადგილე გახდება.
გამგებლის თქმით, სხვა მოადგილეებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ფიქრის პროცესშია: _ ჯერჯერობით, არავინ შემირჩევია. ვფიქრობ. არ გამოვრიცხავ, რომ ახალი სახე გახდეს ჩემი ერთ-ერთი მოადგილე, _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები აუცილებლად გახორციელდება: _ ცვლილებები იქნება, თუმცა, პირველ ეტაპზე რადიკალური არა, _ ამბობს კუჭავა.
შეეხებათ თუ არა არარადიკალური ცვლილებები სამსახურის უფროსებს, კუჭავა არ აკონკრეტებს: _ ორ დღეში სრული ინფორმაციის მოწოდებას შევძლებ, _ ამბობს გამგებელი.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, რამდენიმე სამსახურის უფროსი აუცილებლად შეიცვლება. მათ შორის იქნებიან საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის და შესყიდვების სამსახურის უფროსები. ჩვენი ინფორმაციით ანალიტიკური და ზედამხედველობის სამსახურები გაუქმდება და განყოფილებებად ჩამოყალიბდება.
გამგეობამ უკვე მიმართა საკრებულოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.