ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებმა და თანამშრომლებმა, ბრძანების – რეორგანიზაციისა და გათავისუფლების შესახებ, 17 ივლისს გაიგეს.
რამდენად კანონიერად ჩატარდა ეს პროცესი, "გურია ნიუსმა" კომენტარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ოზურგეთის ოფისის ადვოკატისგან, ქეთი თოიძისგან აიღო:
"რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მოხელის გათავისუფლება მოხდა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" 96-ე მუხლის საფუძველზე, ანუ დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, უნდა შესრულებულიყო ამავე კანონით დადგენილი ვალდებულება, მოხელის გაფრთხილების თაობაზე. კერძოდ, "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" 108-ე მუხლის თანახმად, "მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ."
მოგეხსენებათ, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. იმ შემთხვევაში კი, თუ დაირღვა გაფრთხილების 1-თვიანი ვადა, მოხელეს აღნიშნული კომპენსაციის გარდა, უნდა მიეცეს ხელფასი , ყოველი გადაცილებული დღისთვის",_ გვითხრა ქეთი თოიძემ.