ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ სუფსაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას მართავდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სუფსის მოსახლეობასა და სამინისტროს შორის უკვე მესამე შეხვედრა მიმდინარეობს. მოსახლეობა არ არის კმაყოფილი იმ შემოთავაზებით, რის გადახდასაც სახელმწიფო აპირებს მათთვის.
_ ყოველ შეხვედრაზე არის საუბარი, რომ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაგვიხდიან 3,4 ან 5 ლარს. ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ ეს ასე მოხდეს და კარგია, რომ ჩვენი პრობლემებით მედია დაინტერესდა. ყველას ვთხოვთ, მოგვაქციოს ყურადღება და რაც არის რეალური ფასი, ის გადაგვიხადონ. ნამდვილად ვიცით, სოფელ ნატანებში ამ პროექტით მოსახლეობას 16 ლარი მიეცა და ჩვენ რა დავაშავეთ? ხომ შეიძლება ყველა თანაბარ პირობებში ჩაგვაყენონ. გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელობის პროექტი, მაგრამ ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს, _ ამბობენ ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრის დროს.
სამინისტროს წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის საინფორმაციო შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების განყოფილების წარმომადგენელმა მედეა კახაძემ გვითხრა, რომ ისინი კიდევ ჩამოვლენ სუფსაში და აუცილებლად გააცნობენ მოსახლეობას ზუსტ პირობებს.
_ არ მოგვეცა ახლა ამის საშუალება. ჩამოვალთ კიდევ და მოსახლეობას აუცილებლად ავუხსნით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 3 ლარი ღირს, საკარმიდამო ნაკვეთი _ 4 ლარი, არასასოფლო _ 5 ლარი, ყველას ინდივიდუალურად ემატება თანხა, ყველას სხვადასხვა თანხა უწევს და ეს გვინდოდა, აგვეხსნა. შეგვიძლია ყველას ცალკე დაველაპარაკოთ და ავუხსნათ დეტალურად, _ გვითხრა კახაძემ.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი გია სოფაძ მოსახლეობას გარემოს დაცვის კუთხით ესაუბრა:
_ ჩემი თხოვნაა, როდესაც დაიწყება სამუშაოები, იმ მიწის ნაკვეთზე თუ არის დამარხული ჯილეხიანი ან ავადმყოფი შინაური ცხოველი, აუცილებლად უნდა ითქვას. როგორც კი მას შეეხება ტრაქტორი, მაშინვე დაიწყება ამ დაავადების გავრცელება. თუ არის აუცილებლად უნდა იქნას მოყვანილი სანიტარული სამსახურის თანამშრომლები და მოაგვარონ ეს პრობლემა.
ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა. ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ სოფელი სუფსა, არამედ მთელი საქართველო და საქართველოს მომავალი. 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამო ეს პროექტი არ შეჩერდება. უბრალოდ, შეიძლება, დროში გაიწელოს. თუ მოსახლეობასთან ვერ მოვრიგდებით, რადგან ისინი ითხოვენ გაცილებით მეტს, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული, მაშინ საქმე გადაეცემა სასამართლოს.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ეს 20 ლარი, მაშინ გადაიხდის. ჩვენი ნებით კი ამის უფლება არ გვაქვს.
სუფსის დეპუტატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ სტუმრებს განუცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა უფრო საჯარო უნდა იყოს:
_ ჯერ ერთი, შეხვედრა არ უნდა იყოსწყნარი. მე სოფლის დეპუტატი ვარ. მოსახლეობასთან ყოველ შეხვედრაზე ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთში 3 ლარს გადაიხდიდნენ. ამ ხალხს ეს მიწის ნაკვეთები შესყიდული აქვთ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია და არის კერძო საკუთრება. გრიგოლეთში იცით, რამდენად გაიყიდა მიწის ნაკვეთები? 15-20 დოლარი იყო 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი. ხალხის ინტერესები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ურეკში რომ წახვიდეთ, ერთი ტარო მოხარშული სიმინდი 2 ლარი ღირს. ეს ფასი, რასაც მოსახლეობას სთავაზობთ, არის დაცინვა, _ თქვა ბლაგიძემ.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვასილ ბაზაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სოფელ ნატანებში ნამდვილად გაიცა 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთში 16 ლარი.
_ ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია, ინტერნეტში ნახოს. ფასი დაადგინა კერძო აუდიტმა და დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ. ახლა მიდის ამ ინფორმაციის გაცნობა მოსახლეობისთვის, _ თქვა ბაზაძემ.