"ტექნო ბუმი, "გალაქსი", "მინი კრედიტი", არაი", "ამბოლი", "ოქეი", "უნიქარდი", "თიბისი ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "ალტა" – ეს იმ მაღაზიების, ბანკებისა თუ სხვადასხვა სამსახურების მცირედი ჩამონათვალია, რომელთაგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები დღეში ერთხელ მაინც მოგვდის. sms-ები ძირითადად სარეკლამო ხასიათისაა და გვატყობინებს თუ რომელი მაღაზიის, რომელ ფილიაში, რა სახის ფასდაკლებაა. ასევე, რა სახის პროდუქციას გვთავაზობენ ბანკები.
თუმცა 1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა. ამის უფლებას მათ კანონი აძლევთ, რომელიც ძალაში 4 დღეა შესულია.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მოქალაქეების მიმართვაზე რეაგირებას არ მოახდენენ, 1 ნოემბრიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს მიმართონ.
უფრო კონკრეტულად კი, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო, ნიშნავს – თუ თქვენ SMS-ით რომელიმე კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებას მიიღებთ, Reply-ს გამოყენებით (რის საშუალებასაც აქამდე SMS შეტყობინება არ იძლეოდა) თქვათ მასზე უარი.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თქვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, განცხადებით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს უნდა მიმართოთ.