"რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა, უკრაინელმა ოფიცერმა, გამომიგზავნა სურათები და თან მომიყვა თუ როგორ ჩაუვიდათ ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან, რაც ძალიან გაუხარდა.
რამდენიმე ხანში კვლავ შემეხმიანა და მითხრა, რომ სამწუხაროდ, დახმარება, რომელიც სასმელის სახით მიიღეს, ვადაგასული აღმოჩნდა", _ ამ ტექსტს, ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტოებით, სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გოგა ხაჩიძე ავრცელებს.
როგორც დეპუტატი წერს, პირმა, რომელმაც ფოტოები მიაწოდა, მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქართულ მხარეს უკრაინაში ჯერ არანაირი ჰუმანიტარული დახმარება არ გაუგზავნია.
"სახელმწიფოს მხრიდან ჯერ არაფერი გაგზავნილი. შესაძლოა ვინმემ კერძო ინიციატივით გაგზავნა", _ უთხრეს "გურია ნიუსს" მთავრობის პრესსამსახურში.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის დასაზუსტებლად "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელ თემურ ჭყონიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.