პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა, პირველი ნორმატიული აქტი გამოსცა, რომელშიც დასახელებულია ის 47 ქვეყანა, სადაც პერსონალური მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა.
ინსპექტორმა სიის შედგენის დროს იხელმძღვანელმა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, შეაფასა პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები და შეისწავლა ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საქმიანობა.
"თეთრი სია" მოიცავს ევროპის საბჭოში შემავალ სახელმწიფოთა უმრავლესობას, ასევე ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, კანადას, მოლდოვას და უკრაინას.
2014 წლის 16 სექტემბრიდან დასახელებულ ქვეყნებში პერსონალური მონაცემების გადაცემა აღარ საჭიროებს ინსპექტორის ნებართვას.
დოკუმენტი განკუთვნილია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა გულისხმობს სხვა ქვეყნებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემას.
გამოქვეყნებულ სიის მიღმა დარჩენილ ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა გადაცემისთვის კვლავ აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა:
ავსტრალიის თანამეგობრობა, ავსტრიის რესპუბლიკა, ალბანეთის რესპუბლიკა, ანდორის სამთავრო, არგენტინის რესპუბლიკა, ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, ბელგიის სამეფო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანიის სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთის რესპუბლიკა, ირლანდია, ისლანდიის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კანადა, კვიპროსის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ლიხტენშტეინის სამთავრო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მალტის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკოს სამთავრო, მონტენეგროს რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგიის სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, რუმინეთი, საბერძნეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, სერბეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენიის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ხორვატიის რესპუბლიკა.