(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის კულტურის ცენტრს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი გასულ კვირას სტუმრობდა. მან ფოლკ-რადიოსთვის საავტორო გადაცემაში ჩაწერა კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები.
ჩაიწერეს ანსამბლ “ელესას” მიერ შესრულებული უძველესი სიმღერა “ელესა” და “შვიდკაცა” (ანსამბლის ხელმძღვანელი რემიკო ვაშალომიძე); ანსამბლი “იადონის” სიმღერა “ფუნდრუკი” და ასკანური “ნადური” (ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია).
ბიძინა მჟავიამ ეს უძველესი ხალხური სიმღერა 90 წლის ბახველი გერასიმე ჩიტაიშვილისაგან მოისმინა და ჩაწერა, შემდეგ კი მის ანსამბლს შეასწავლა.
ასევე ჩაიწერეს ანსამბლ “შვიდკაცას” შესრულებით სიმღერები _ “ორირა” და “ნადური” (ხელმძღვანელი ტრისტან სიხარულიძე, ლოტბარი _ ამირან გოლიაძე) და ანსამბლ “ვახტანგურის” შესრულებული საგალობლები: “დღეს საღვთომან მადლმან” და “შენ ხარ ვენახი” (ხელმძღვანელი რებული მჟავანაძე).
ავთენტიკურ ჯგუფ “ეკას” მიერ აღდგენილი და შესრულებული იქნა ერთი საუკუნის წინანდელი სიმღერა “ორი გუგულია ნანა”, რომელსაც ასრულებდნენ ძმები გოგოტიშვილები.
აგრეთვე, ფოლკლორულ ანსამბლ “ლიხაურის” (ხელმძღვანელი კარლო ურუშაძე) მიერ შესრულდა უძველესი, 100 წლის წინანდელი ხალხური სიმღერა “ნატვრა”, რომლის მუსიკა შექმნილია ანსამბლის ხელმძღვანელის ბაბუის, გიორგი იობაშვილის მიერ. იგი იყო ჩონგურის მეოთხე წყობის ამწყობი, ხოლო სიმღერის ტექსტი ეკუთვნოდა ატატო ბებურიშვილს. აგრეთვე ჩაწერილ იქნა “ჩვენ მშვიდობა”.
რადიოგადაცემის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული სიმღერების აღდგენა, შესწავლა, განვითარება და პოპულარიზაცია, ანსამბლების კონცერტებსა და ფესტივალებში მონაწილეობა. უშიკიშვილი ანსამბლების ფინანსურ მდგომარეობას და სხვა პრობლემებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ ამდენი ფოლკლორული ანსამბლი არც ერთ რაიონს არ ჰყოლია.