ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისთანავე, დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო ახალი საბიუჯეტო პარამეტრების ირგვლივ. პოლემიკა ბევრ სფეროს მოიცავს, მაგრამ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაფინანსება იქცა.
ბიუჯეტის პროექტში 2015 წელს მილიონ 200 ათასი ლარია გათვალისწინებული ფეხბურთის განვითარებისთვის. ბევრს მიაჩნია, რომ ეს თანხა სხვა სფეროში არსებული პრობლემების ფონზე ძალიან ბევრია, თუმცა, რეალურად თუ შევხედავთ უშულოდ საფეხბურთო კლუბის უმაღლეს ლიგაში საჭირო თანხებს, ეს ბევრი ვერაფერია.
საგულისხმოა, რომ ამ მილიონ 200 ათას ლარიდან, 200 ათასი ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ფუნქციონირებაზე მოდის, 120 ათასი ლარი ცენტრალური სტადიონის მოვლა-პატრონობისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო დაახლოებით 400 ათასი ლარი _ ორი ბანკის _ "ტაო-პრივატბანკის" და "პროგრესბანკის" სესხის დასაფარადაა საჭირო, რომელიც თავის საურავებიანად წესით და რიგით წელსვე უნდა გასტუმრებულიყო.
გამოდის, რომ "გურიას" გაისად მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის ჩასამთავრებლად და ახალი სეზონის დასაწყებად სუფთა ფული 480 ათასი ლარი რჩება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე დავალიანება გუნდს იანვარში გადმოყვება და მისი გასტუმრებაც ბუნებრივია ახალი ბიუჯეტის ხვედრია. ეს თანხა უკვე სოლიდურია და 400 ათას ლარს აჭარბებს. ჰოდა, თუ ამ თანხას იანვარში გავისტუმრებთ და ბანკების დავალიანებასაც ბოლომდე გადავიხდით, გამოდის რომ "გურია" საგაისოდ მაინც ჰაერში რჩება.