საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება შეუერთდეს დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოს და მოსმენები შსს-დან გავიდეს.
აქვე განმარტავს, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც მოსმენებს შსს აკონტროლებს. თუმცა, ამ ქვეყნების სამინისტროების სისტემა სრულიად განსხვავებულია საქართველოში არსებული სისტემისგან.
უსუფაშვილმა მაგალითისთვის პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიყვანა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის წინ, კოალიციასთან ერთად ქართველ ამომრჩეველს სწორედ იმ სისტემის შეცვლას დაჰპირდა, რომელმაც ქვეყანა თითქმის განადგურებამდე მიიყვანა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე განმარტა მიზეზები, თუ რის გამო დაუჭირა მხარი პირველი მოსმენით ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას "ფარულ მოსმენებთან" დაკავშირებით. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ასევე მხარი დაუჭიროს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას დაპირებას შეუსრულებენ და შსს-ს სისტემის შეცვლას შეუდგებიან.
"ის არგუმენტები, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც შსს-შია მოთავსებული გასაღებები, დიახ არის ასეთი რამდენიმე ქვეყანა. ყველას ვთხოვ კარგად ჩახედოს რა ხდება იქ, ვინ არის და როგორია შინაგან საქმეთა სამინისტროები იმ ქვეყნებში. ვნახოთ და შევადაროთ იმას, რაც გვაქვს ჩვენ დღეს. სამწუხაროდ ეს ისაა, რაც მემკვიდრეობით გვერგო წინა ხელისუფლებისგან.
პოლონეთში შსს არჩევნებს ატარებს, საარჩევნო კომისიების ფუნქციას ასრულებს. თვითმმართველობების რეგიონების საკითხებს განაგებს. იმ სამინისტროში არ არის დაზვერვის და სპეცდაზვერვის უწყებები.
აუცილებელია შსს გარდაიქმნას საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდეს, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში.
აუცილებელია შსს-ს სისტემიდან გამოეყოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ახალი შინაარსით, ფორმით, აქტუალობით.
ვფიქრობ ამ დებატებმა ეს გამოავლინა, სისტემა უნდა გამოვასწოროთ ისე, როგორც ეს არა "რესპუბლიკელებს" უნდათ, არამედ ისე, როგორც კოალიცია "ქართული ოცნება" დაჰპირდა საზოგადოებას", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.