რამდენიმე დღეა, ოზურგეთში შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან უზარმაზარი რიგებია. ესაა მართვის მოწმობის აღების მსურველთა ნაკადი, რაც თეორიულ გამოცდაში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია.
როგორც რიგში მდგომი მეზობელი რეგიონის წარმომადგენლები ამბობენ, ყოველდღიურად დაახლოებით 1500 ადამიანია რიგში.
რაც შეეხება ოზურგეთის ბაზას, აქ 500-მდე ადამიან იკრიბება ბოლო 3 დღეა. ხშირად ყველა მათგანი გამოცდაზე გასვლას ვერ ახერხებს და რიგში დგომა ორი ან სამი დღის განმავლობაში უხდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის აღების მსურველთა საყურადღებოდ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 10 დეკემბრამდე მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე განაცხადების მიღება, ნაცვლად 16:30 საათისა, იწარმოებდა 15:00 სთ-მდე, რათა თითოეულ მსურველს შეფერხების გარეშე შეძლებოდა პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა.
"შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე.
გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა", _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.