საჯარო მოხელეთა საატესტაციო გამოცდების ბოლო და გადამწყვეტი ეტაპის _ გასაუბრების მოახლოებასთან ერთად, იმატებს ვნებათაღელვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
როგორი ობიექტურობით ჩატარდება გასაუბრება, ვის ექნება პროცესზე დაკვირვების უფლება, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან აპლიკანტები? _ ეს ის კითხვებია, რომლებიც კონკურსანტთა გარდა ბევრს აღელვებს.
ბიუროს სხდომაზე ელგუჯა ჩხაიძემ კომისიების ერთგვარი უნდობლობის საკითხი წარმოშვა და გასაუბრების პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა. ასეთმა პოზიციამ გაანაწყენა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე, რომელიც, ამავდროულად, საკრებულოს საგამოცდო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეცაა.
_ "რა გამოდის, კომისიას არ ენდობით? მაშინ რატომ აწიეთ ხელი, როცა მისი დამტკიცება მოხდა. ასე თუ ფიქრობთ, არ მინდა, ბატონო, საერთოდ დავტოვებ კომისიას", _ გაცხარდა კილაძე.
გასაუბრებაზე დამსწრეთა საკითხს თავად კომისია წყვეტს და ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კომისიის წევრები და როგორ დაიცავენ საჯაროობის პრინციპს. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია თავად კონკურსანტის მიდგომაც, ზოგს შეიძლება სურდეს მესამე მხარის დასწრება, ზოგს _ არა. ხალხში კი მუსირებს აზრი, რომ ვისაც პატრონი არ ჰყავს, იმისთვის მეთვალყურის დასწრება უფრო მისაღებია.
ჩვენ აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელ დირექტორს და ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილს, რომლის განმარტებითაც: _ "შეფასების კრიტერიუმები წინასწარ უნდა იქნეს კომისიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომისიის სხდომაზე. კრიტერიუმები უნდა იყოს შემდეგი სფეროებიდან:
1. ცოდნა/კომპეტენცია/გამოცდილების შეფასება/კანდიდატის მზაობა თანამდებობის დასაკავებლად.
2. თანამშრომლობა და ჯგუფური მუშაობა/ინტერპერსონალური ურთიერთობები/მენეჯერული უნარი.
3. მოტივაცია. კრიტერიუმები უნდა გაიწეროს შეფასების ანკეტაში, რომელიც ასევე უნდა დაამტკიცოს კომისიამ კენჭისყრით. ანკეტა ურიგდება კომისიის წევრებს და ისინი დამოუკიდებლად წერენ ნიშანს კონკრეტულ კრიტერიუმთან მიმართებაში. შემდეგ ნიშნებს აჯამებენ და აწვდიან კომისიის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ ხდება სხდომის დახურვა და ყველა წევრის მიერ მიწოდებული ქულების შეჯამება. კონკრეტული კონკურსანტისთვის ცხადდება მხოლოდ საერთო (ჯამური) შეფასება. კონკრეტული კომისიის წევრის მიერ გაცემული შეფასება საჯარო არაა. ვიმეორებ, მხოლოდ ჯამური შეფასებაა საჯარო.
რაც შეეხება გასაუბრებაზე დამსწრეთა მსურველებს, ეს თავად კომისიებია გადასაწყვეტია, თუ ვის და რამდენ ადამიანს მიანიჭებენ ამის უფლებას. რა თქმა უნდა, საუბარია მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე", _ თქვა გიგინეიშვილმა.