ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ელგუჯა ჩხაიძის განცხადებას, გამგეობაში ახალი სამსახურის შექმნის შესახებ, სოციალურ ქსელებში გარკვეული გამოხმაურება და რამდენიმე საჯარო მოხელესთან სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.
ჩხაიძემ, მაშინ, მიზანშეუწონლად მიიჩნია "ტაშ-ფანდურის" სამსახურის შექმნა (საუბარია კულტურისა და სპორტის სამსახურზე) და დეპუტატებს მოუწოდა შესყიდვების ან ქონების სამსახური შევქმნათო.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ჩხაიძე აღაშფოთა.
"კატეგორიულად ვგმობ საჯარო მოხელეების მხრიდან დეპუტატის დაშინების მცდელობას. მე თავის დროზე ზაზა ურუშაძეს გვერდში იმიტომ დავუდექი, რომ დამპირდა არჩევნების შემდეგ სიტუაციას დაალაგებდა და ასეთ საჯარო მოხელეებს თავიდან მოიშორებდა. ყველაფერს გავაკეთებ გამგებელმა ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე და მივაღწევ კიდევაც",-დასძინა მან.